საია

საია: 20-21 ივნისს დაშავებულებს პროკურატურა დაზარალებულის სტატუსს კვლავ არ ანიჭებს

ტბელ აბუსერიძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებულ 23 პირს, რომელთა ინტერესებსაც საია იცავს, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე კვლავ უარი უთხრა. 

ორგანიზაციის ცნობით, ისინი პროკურატურის უარს სასამართლოში გაასაჩივრებენ და დაზარალებული პირებისთვის შესაბამისი სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ. 

"დაზარალებულის სტატუსის ოფიციალურად მინიჭების გარეშე, აღნიშნული პირები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, ეფექტიანად იყვნენ ჩართულნი სამართალწარმოების პროცესში, გაეცნონ საქმის მასალებს და გააკონტროლონ, რამდენად ქმედითია ის ნაბიჯები, რასაც პროკურატურა საქმის დროული გამოძიებისათვის დგამს", - წერია საია-ს განცხადებაში. 

ორგანიზაციის ცნობით, მათ 2019 წელს ერთხელ უკვე მოითხოვეს დაშავებული პირებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, თუმცა, მათივე განმარტებით, როგორც პროკურატურამ, ასევე სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.

როგორც საია წერს, პროკურატურა და სასამართლო დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარს ძირითადად იმით ხსნიდნენ, რომ სტატუსის მოთხოვნის დროისთვის დაზიანებებთან დაკავშირებით ექსპერტიზის შედეგები ცნობილი არ იყო. 

"მოგვიანებით, აღნიშნულ პირთაგან პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ მაკო გომურს და გიორგი სულაშვილს მიანიჭა, თუმცა, სტატუსის მინიჭების მიუხედავად, როგორც მათ, ასევე საია-ს ადვოკატებს, საქმის მასალების სრულად გაცნობის შესაძლებლობა არ მიეცათ", - წერს ორგანიზაცია. 

საია-ს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების დაწყებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, პროკურატურა 23 ადამიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარს ამჯერადაც ექსპერტიზის დასკვნის არარსებობაზე აფუძნებს და განმარტავს, რომ "ცალკე აღებული ჯანმრთელობის დაზიანების მიღების თუნდაც უდავო ფაქტი არ შეიძლება მივიჩნიოთ დაზარალებულად ცნობის ერთადერთ, იმპერიულ საფუძვლად, ვინაიდან ამავდროულად უნდა დადგინდეს ზიანის გამომწვევი ქმედება წარმოადგენდა თუ არა დანაშაულს". 

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ 20-21 ივნისს დაზარალებული პირებისთვის სტატუსის მინიჭებაზე განმეორებით უარის თქმა უკანონო და დაუსაბუთებელია. საია-ს განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობა ცალსახად ადგენს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ საფუძველზ, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულად მიიჩნევა პირი, რომელსაც დანაშაულის შედეგად მორალური, ფიზიკური, თუ ქონებრივი ზიანი მიადგა. 

"შესაბამისად, როდესაც დგინდება, რომ დანაშაულებრივმა ქმედებამ გამოიწვია რაიმე ტიპის ზიანი, პროკურორი ვალდებულია, პირს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს, მიუხედავად იმისა, უკვე იდენტიფიცირებულია თუ არა დანაშაულის ჩამდენი პირი", - წერია განცხადებაში. 

ორგანიზაციის განცხადებით, 20-21 ივნისის საქმეებზე ცალსახად დგინდება, რომ დაზარალებულთა ნაწილმა დაზიანებები რეზინის ტყვიის უკანონო გამოყენების შედეგად მიიღეს, მათ შორის, რეზინის ტყვიები ჟურნალისტების მისამართითაც გამოიყენებს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მოვლენების გასაჩუქებლად იყვნენ. 

"დაზარალებულთა ნაწილმა დაზიანებები მაშინ მიიღო, როდესაც ისინი პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. ყველა ჩამოთვლილი შემთხვევა შეიცავს დანაშაულის აშკარა ნიშნებს და ქმნის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების წინაპირობებს", - წერს საია. 

ორგანიზაციის ცნობით, 20-21 ივნისის საქმის დინამიკა ასევე მიანიშნებს, რომ პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება გარკვეული ხარვეზებით ხასიათდება. მათივე განმარტებით, გარდა იმისა, რომ პროკურატურა დაზარალებულებს სამართალწარმოების პროცესში სათანადოდ არ რთავს, საქმის ობიექტურ და სრულყოფილ გამოძიებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ის გარემოებაც, რომ პროკურატურამ ამ დრომდე ვერ შეძლო დაშავებული პირების დაზიანებების გამომწვევი მიზეზების დადასტურება და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნების მოპოვება. 

"საია იმედოვნებს, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს წარდგენილ საჩივარს და დაზარალებულ პირებს მიენიჭებათ დაზარალებულის სტატუსი. იმ შემთხვევაში, თუ საქმის გამოძიება დაზარალებულების სათანადო ჩართულობის და არსებითი ცვლილებების გარეშე გაგრძელდება, საია მათი ინტერესების დასაცავად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს", - წერია განცხადებაში. 

კომენტარები