კორონავირუსი საქართველოში

80 წელს გადაცილებულ ქალს Covid-19-ზე გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმით მკურნალობენ

რადიო თავისუფლება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, თქმით, მის კლინიკაში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 34 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას. 

როგორც ეზუგბაიამ ყოველდღიურ საინფორმაციო ბრიფინგზე თქვა, კლინიკაში ჯერჯერობით კვლავ სამი მძიმე პაციენტი ჰყავთ, რომელთა მდგომარეობაც დინამიკაში უმჯობესდება. 

"დღესაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დასტაბილურებულია სიტუაცია. პროგრესირება არ შეიმჩნევა, პირიქით, გარკვეულწილად რადიოლოგიური მონაცემების მხრივ არ გვაქვს მკვეთრი გაუმჯობესება, მაგრამ ლაბორატორიული მონაცემებით და ობიექტური სტატუსით, დინამიკა გაუმჯობესებულია და ალბათ პროგნოზი კეთილსაიმედო უნდა იყოს სამივე პაციენტთან", - თქვა ექიმმა. 

ეზუგბაიას თქმით, ამ სამიდან ერთერთ პაციენტს, 80 წელს გადაცილებულ ქალს, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო, ახალი მეთოდით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმით უმკურნალეს. 

"ეს ის კრიტიკული პაციენტია, რომელთანაც ჩატარდა ყველა შესაძლო ხელთ არსებული სიახლე მკურნალობაში, რომელმაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და 80 წელს გადაცილებული ქალის პროგნოზი კეთილსაიმედოა", - თქვა მარინა ეზუგბაიამ.

როგორც ექიმი ამბობს, მკურნალობის ამ მეთოდთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე გააკეთებს. 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 731 შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 526 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 კი - გარდაიცვალა. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 193-ია, რაც გამოჯანმრთელებულების რიცხვზე ბევრად დაბალია. 

გასული ღამის შემდეგ საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელების კი - 4. 

კომენტარები