ქართული ოცნება

კობახიძე გოიმობაზე: ოპოზიციას გულში თუ არა, გულთან ახლოს მოვახვედრე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც კომუნისტი რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე დაჯდა და რუსთაველის გამზირზე ამის გაპროტესტების გამო ადამიანები ძალადობრივად დაარბიეს, ოპოზიციის წარმომადგენლებს კვლავ გოიმებს უწოდებს. 

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ირაკლი კობახიძე აქტიურად იყენებს სიტყვა "გოიმს" ოპონენტების წინააღმდეგ. 

"ძალიან მომეწონა მათი [ოპოზიციის] რეაქცია, გულში თუ არა, გულის ახლოს ნამდვილად­ მოვახვედრე. ე.ი. როდესაც სპეკულაციების არანაირი საფუძველი არ არსებობს, მაშინაც კი პოულობენ ეს პოლიტიკური სუბიექტები შარის მიზეზებს. ზუსტად ეს არის გოიმობა და ქაჯობა, რასაც ამდენი ხანია ვერ დააღწიეს თავი. სამწუხაროდ, სხვაგვარად პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა არ შეუძლიათ", - თქვა კობახიძემ პალიტრანიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

სიტყვა "გოიმი" ოპონენტების წინააღმდეგ ირაკლი კობახიძემ პირველად 21 მაისს, პოს TV-ის ეთერში გამოიყენა და თქვა, რომ "ასეთი გოიმური ოპოზიცია" არ ახსენდება. მეორე დღეს მედიის სიტყვების საპასუხოდ მან თავისი მოსაზრება განავრცო და დაამატა, რომ ამ პოლიტიკურ სპექტრში ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია "ნომერ პირველი გოიმია". ბოკერიამ კობახიძეს უპასუხა და თქვა, რომ ადამიანი ყველა საქმეში, რაშიც არის, უნად ეცადოს, რომ პირველი იყოს და კობახიძეს "კომპლიმენტისთვის" მადლობა გადაუხადა

ამის შემდეგ კობახიძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ბოკერიას და თქვა, რომ "კარგი იქნება, თუ გიგა ბოკერია გოიმობაში პირველობისკენ სწრაფვას გააგრძელებს". 

კომენტარები