კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: საქართველოს მასშტაბით ინფექციის გავრცელების მოლოდინი და რისკები მინიმალურია

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე, საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფექციის ზრდას არ ელოდებიან. მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი 0,59 - ია.

ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში ასევე თქვა, რომ საქართველოში რამდენიმე მწვავე წერტილი ჯერ კიდევ არსებობს, სადაც ინფექციის გადაცემა კვლავ მიმდინარეობს და მისი თქმით, ეპიდემიოლოგები ამ რეგიონებს მუდმივ რეჟიმში შეისწავლიან. 

"ხდება მოქალაქეების გამოკვლევა და მათი აქტიური ტესტირება, რის შედეგადაც მოლოდინი არის, რომ გარკვეული ინფიცირებულები კვლავ გვეყოლებიან, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ლოკალიზებული გვაქვს სრულად ეს ტერიტორიები, საქართველოს მასშტაბით ინფექციის გავრცელების მოლოდინი და რისკები არის მინიმალური," - ამბობს ტიკარაძე.

ტიკარაძემ კორონავირუსის გავრცელების შესაძლო მეორე ტალღაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მაღალი ალბათობით, ეს მოხდება შემოდგომაზე.

"რაც მეორე ტალღასთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, მეორე ტალღის მოლოდინი, მაღალი ალბათობით, გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ შემოდგომაზე. რაც შეეხება ზაფხულის პერიოდს, ჩვენ ველოდებით გარკვეულ შემთხვევებს, თუმცა მას არ ექნება ძალიან მაღალი რისკის მაჩვენებელი", - ამბობს ტიკარაძე. 

საქართველოში ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსის 731 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 526 პაციენტი, 12 კი - გარდაიცვალა.

კომენტარები