კორონავირუსი საქართველოში

კალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში აღდგება

0 კომენტარი

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში აღდგება. 

როგორც კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, ამ ეტაპზე, ზუსტი თარიღი უცნობია. მისივე თქმით, უცნობია, რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ მოქალაქეებს მგზავრობის დროს. 

"ველოდებით მითითებებს. ჯერ არანაირი მითითება არ არის, თუ როგორი უნდა იყოს წესები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს. ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა. როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დედაქალაქის მერია და შესაბამისი სამსახურები მზადყოფნაში არიან იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახუროს ქალაქის მოსახლეობას", - თქვა კალაძემ. 

კალაძის თქმით, დედაქალაქის მერიას ამ ეტაპზე, 700 ავტობუსი ჰყავს. საგანგებო მდგომარეობამდე ქალაქში 500 მათგანი გადაადგილდებოდა. მისივე თქმით, თუ საჭირო იქნება, ხალხმრავლობის თავიდან არიდების მიზნით, მერია სათადარიგო ავტობუსებსაც დაამატებს. 

ჟურნალისტის კითხვაზე, სიმართლეა თუ არა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა შესაძლოა, 15 ივლისამდე არ მოხდეს, კალაძე პასუხობს, რომ "ეს არის ცრუ ინფორმაცია და ტრანსპორტის აღდგენა სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში მოხდება".

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს დასრულდა. მოიხსნა კომენდანტის საათიც. თუმცა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე შეჩერებულია.

საქართველოში ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსის 731 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 526 პაციენტი, 12 კი - გარდაიცვალა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები