ბრაიან მეი

ბრაიან მეი: გულის შეტევა მქონდა და სიკვდილთან ძალიან ახლოს ვიყავი

getty images

ლეგენდარული ჯგუფის "Queen"-ის გიტარისტის, ბრაიან მეის თქმით, მას მაისის დასაწყისში გულის შეტევა ჰქონდა, რის გამოც კინაღამ გარდაიცვალა.

ბრაიან მეიმ საკუთარ Instagram-ზე ვიდეო გაავრცელა, სადაც დეტალურად მოყვა, როგორი ტკივილები უსწრებდა წინ საავადმყოფოში გადაყვანას და როგორ გრძნობდა თავს გულის შეტევის შემდეგ.

გიტარიტის თქმით, თავდაპირველად, მან ბაღში მუშაობის დროს კუნთების ტკივილები იგრძნო, რის გამოც გამოკვლევები ჩაიტარა.

"მითხრეს, რომ კუნთი მქონდა დაზიანებული. ვიფიქრეთ, რომ ეს ბაღის მოვლის დროს მიღებული დაზიანება იყო. თუმცა აღმოჩნდა, რომ ასე არ იყო", - თქვა მან.

ბრაიან მეის თქმით, გამოკვლევების ჩატარებიდან 1 კვირის შემდეგ, მას ძლიერი ტკივილები ჰქონდა და რამდენიმე ტკივილგამაყუჩებელიც დასჭირდა, რის გამოც გამოკვლევები ხელახლა ჩაიტარა.

"ვერ ვიჯერებდი ისეთი ტკივილები მქონდა. მეგონა, რომ ზურგიდან ვიღაც მბურღავდა. ვფიქრობდი, რომ ძალიან ჯანმრთელი ვიყავი და ყველა მეუბნებოდა, რომ ძალიან კარგი წნევა და ძალიან კარგი გულისცემა მქონდა. ამ ტკივილების დროს თურმე გულის შეტევა გადავიტანე. ვამბობ, რომ ეს მცირე შეტევა იყო, რადგან ამას არ მოუტანია დიდი ზიანი. დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში გულმკერდი მტკიოდა და ოფლიანობა მქონდა", - თქვა მან.

ბრაიან მეის თქმით, ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მას სამი არტერია დაბლოკილი ჰქონდა, რის გამოც გულს ნაკლები სისხლი მიეწოდებოდა. მან სტენტირების ოპერაცია გაიკეთა.

"მე სიკვდილთან ძალიან ახლოს ვიყავი, თუმცა არ მოვკვდი", - თქვა მან.

მისი თქმით, ის თავს ახლა კარგად გრძნობს, თითქოს არაფერი მომხდარა.

კომენტარები