26 მაისი

ევროპულმა საქართველომ პირველი რესპუბლიკის ისტორიული მოვლენების ფოტო-გამოფენა მოაწყო

ევროპულმა საქართველომ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან პირველი რესპუბლიკის ისტორიული მოვლენების ფოტო-გამოფენა მოაწყო. ასევე გამოფენილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების რეპრესირებულ და დახვრეტილი დეპუტატების სურათები.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიება წელს არ გაიმართულა. 

"სამწუხაროდ, წელს რუსთაველზე არანაირად არ აღინიშნება დამოუკიდებლობის დღე. ამიტომ, გადავწყვიტეთ, სიმბოლურად მაინც, მცირე გამოფენა მოგვეწყო ამ სასახლის წინ, იმიტომ, რომ ეს არის ის ისტორიული ადგილი, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა", - ამბობს დავით ბაქრაძე.

1921 წლის მარტში დამფუძნებელი კრების 139 დეპუტატიდან, ემიგრაციაში 31 წავიდა, საიდანაც საბჭოთა რუსეთმა ორი მოკლა. ქვეყანაში დარჩენილი 108 დეპუტატიდან კომუნისტურმა რეჟიმმა 51 სიკვდილით დასაჯა, 42 სხვადასხვა დროს იყო რეპრესირებული.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს შეიქმნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა - სწორედ ამ დღეს მიიღო საქართველომ დამოუკიდებლობის აქტი და რუსეთის იმპერსიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საბჭოთა ოკუპაციისა და ანექსიის გამო არსებობა არასრული 3 წლის თავზე შეწყვიტა.

კომენტარები