ნიკოლოზ ბასილაშვილი

დოროყაშვილის ადვოკატი: კორპუსებიდან პომიდვრებს გვესროდნენ, იმის გამო, რომ ქალს ვიცავთ

ტელეკომპანია პირველი/კადრი ვიდეოდან

ნიკოლოზ ბასილაშილის ყოფილი ცოლის ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი, ანა აბაშიძე, ამბობს, რომ გუშინ, 25 მაისს, ადვოკატებს კორპუსებიდან პომიდვრები ესროლეს. 

"ჩვენ არ გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა, მათიც კი, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ ქალთა თუ ფემინისტური იდეების მხარდამჭერი არიან. ჩვენ დღეს პომიდვრებს გვსროდნენ იმის გამო, რომ ქალს ვიცავთ. ჩვენ, ადვოკატებს, გამვლელები გვლანძღავენ. პრესკონფერენციის შემდეგ, როცა ქუჩაში ჟურნალისტს ვეწერებოდით, მეზობლები კორპუსებიდან პომიდვრებს ისროდნენ ადვოკატების მიმართ, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ", - ამბობს ანა აბაშიძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

ჩოგბურთელი, საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 24 მაისს იმსჯელა და სპორტსმენს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბასილშვილმა გირაო გადაიხადა და საპატიმრო დატოვა.

პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. 

ბასილაშვილის ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი ამბობს, რომ დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც ბასილაშილის სახლში მცირეწლოვანი შვილის წამოსაყვანად მივიდა. მისივე თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილი მას ფიზიკურად ბავშვის თანდასწრებით გაუსწორდა, კონფლიქტში ჩაერია ბასილაშვილის მამაც და მას "რაღაც იარაღით" გაეკიდა. 

საპატიმროს დატოვების შემდეგ განცხადება გაავრცელა სპორტსმენმაც. ის ამბობს, რომ ყოფილ ცოლთან "საჯარო დისკუსიაში შესვლას და იმის მტკიცებას, რაც ნამდვილად არ ყოფილა", არ აპირებს.

პროკურატურა აცხადებს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია ბასილაშვილის მამაზეც. თუმცა, პროკურორის განცხადებით, "მამის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე, ამ ეტაპზე, დაზარალებული არ მიუთითებს".

დაცვის მხარის და ოჯახის მტკიცებით, ბასილაშვილი უდანაშაულოა და ბრალს არ აღიარებს.

კომენტარები