არჩევნები 2020

ელისაშვილი: 26 მაისს მივიღე გადაწყვეტილება - ვქმნი პარტიას, რომლითაც მერაბ კოსტავა იამაყებდა

droa.ge

"სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ პარტიას ქმნის. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვა გაავრცელა. ელისაშვილის თქმით, თანაგუნდელებთან ერთად, მისი პირველი და უკანასკნელი მიზანია, საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება.

"დღეს 2020 წლის 26 მაისია და მე, ალეკო ელისაშვილმა მივიღე გადაწყვეტილება, რომ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის 102-ე და მერაბ კოსტავას დაბადებიდან 81-ე წელიწადს, შევქმნა პოლიტიკური პარტია. არა კიდევ ერთი, არამედ პირველი პარტია, რომელიც საკუთარ თავში დაამარცხებს მთავარს - უკიდეგანო ამპარტავნებას, პრომეთეულ გოროზობას და ნებისმიერ პარტიულ ინტერესზე მაღლა დააყენებს საქართველოს სახელმწიფოს და მისი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას.

ჩვენ ვიქნებით პირველი პარტია, რომელიც პოლიტიკაში აქამდე დამყარებულ ყველა წესს ამოაყირავებს, რაც მანამდე იყო პოლიტიკაში, ის იქნება სამარცხვინო და ჩვენ ვიქნებით პირველი პარტია, რომლითაც იამაყებდნენ ნიკო ნიკოლაძე, დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე... რომლითაც იამაყებდა მერაბ კოსტავა.

მალე ვქმნი პარტიას, რათა თავდაუზოგავი შრომით ავაშენოთ მდიდარი და ერთიანი საქართველო " - ამბობს ელისაშვილი.

კომენტარები