ღია ცის ხელშეკრულება

რუსეთი "ღია ცის" შეთანხმებაზე: დამკვირვებლებს დავუშვებთ, თუ საქართველო პოზიციას შეცვლის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
РИА

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მიერ "ღია ცის" შეთანხმების დატოვებას გამოეხმაურა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის თავზე შეთანხმების დარღვევის ბრალდება უარყო. მისი თქმით, საქართველო მთლიანად მიუწვდომელია რუსეთის "ღია ცის" მისიისთვის და სწორედ ესაა შეთანხმების დარღვევა.

"თბილისის დესტრუქციული პოზიცია არ იცვლება. შედეგად, რუსეთი იძულებული იყო, უარი ეთქვა სადამკვირვებლო ფრენებზე 10-კილომეტრიან ზონებში ჩვენს ტერიტორიაზე შვედეთის, გერმანიისა და აშშ-სათვის 2019 წლის აპრილში", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ რუსეთი მზადაა, დაუშვას ამ ზონებში დამკვირვებლები, თუ საქართველო პოზიციას შეიცვლის და რუსეთის ფრენებს საკუთარ ტერიტორიაზე დაუშვებს.

21 მაისს აშშ-მა განაცხადა, რომ ღია ცის ხელშეკრულებიდან გამოსვლას აპირებს. შეთანხმება 35 ქვეყანას ერთმანეთთან შეუიარაღებელ სადამკვირვებლო ფრენის საშუალებას აძლევს. შტატებმა შეთანხმებიდან გამოსვლის მიზეზად რუსეთის მიერ პირობების არაერთგზის დარღვევა დაასახელა.

მოგვიანებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც რუსეთის მიერ შეთანხმების დარღვევებზე საუბრობს. მათ შორის, პომპეო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფრენის არდაშვებას ასახელებს:

"რუსეთი უარს ამბობდა სადამკვირვებლო ფრენის შესაძლებლობის მიცემაზე მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან - მისი საზღვრის გასწვრივ ათკილომეტრიან დერეფანში. ამით რუსეთი ცდილობდა, ხელი შეეწყო ყალბი მტკიცებისთვის, თითქოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია". 

პომპეო წერს, რომ რუსეთი იმავეს ცდილობს ანექსირებულ ყირიმში, ანექსიის გასაძლიერებლად, რასაც "აშშ არასდროს დაუშვებს".

ამას გარდა, როგორც სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რუსეთმა უკანონოდ შეზღუდა ფრენის მანძილი კალინგრადის თავზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ანკლავი მნიშვნელოვანი სამხედრო შენაერთის ადგილად იქცა, სადაც, რუსეთის ოფიციალური პირების ცნობით, განთავსებულია მოკლე დისტანციის ბირთვული რაკეტები და ისინი NATO-ს მიმართულებითაა დამიზნებული.

დამატებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ "2019 წელს რუსეთმა დაუსაბუთებლად უარყო შეერთებული შტატებისა და კანადის საყოველთაო სადამკვირვებლო ფრენა რუსეთის დიდი სამხედრო წვრთნების თავზე."

აშშ 6 თვეში შეთანხმებას სრულიად დატოვებს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი სრულიად დაიცავს წესებს, აშშ-მა გადაწყვეტილებას, შესაძლოა, გადახედოს.

კომენტარები