აშშ

თეთრი სახლი: G7-ის სამიტის აშშ-ში ჩატარება ქვეყნების გახსნის შესანიშნავი მაგალითი იქნება

კეილი მაკინანი

თეთრი სახლის სპიკერმა კეილი მაკინანმა თქვა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ივნისის ბოლოს დიდი შვიდეულის სამიტის აშშ-ში ჩატარება "ქვეყნების გახსნის შესანიშნავი მაგალითი" იქნება.

მისი თქმით აშშ-ის მიზანია სამიტი თეთრ სახლში ჩატარდეს და მსოფლიო ლიდრები, რომლებიც მას დაესწრებიან დაცულები იქნებიან.

"პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ამ გარდამავალ პერიოდში ქვეყნების გახსნის საუკეთესო მაგალითი იქნება G7-ის სამიტის აქ ჩატარება. ჩვენ გვსურს ეს მოხდეს, ვფიქრობთ, ასე მოხდება და ამ დროისათვის უცხოელი ლიდერებიც იზიარებენ ამ პოზიციას", - თქვა მაკინანმა.

ტრამპი დიდი შვიდეულის ამ წლის სამიტის გამართვას კემპ დევიდში ივნისში აპირებდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაწყდა, რომ შეხვედრა ვიდეო ზარის ფორმატში მოხდებოდა. სამიტი 10-12 ივნისს უნდა გაიმართოს.

დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები არიან აშშ, საფრანგეთი, დიდ ბრიტანეთი, იტალია, კანადა, იაპონია და გერმანია. ყველა ამ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული და შეზღუდული იყო გადაადგილება. ინფიცირების მაჩვენებლის კლების გამო ქვეყნებმა შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად დაიწყეს.

აშშ ვირუსით ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კორონავირუსი სულ 1 725 275 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 100 572, გამოჯანმრთელდა 479 969. ქვეყანაში კვლავ მოქმედებს სასაზღვრო შეზღუდვები და მათი გახანგრძლივებაც განიხილება.

კომენტარები