კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: თბილისში ჩატარებული კვლევით COVID 19-ის ანტისხეულები 1 000-დან 6 ადამიანს აღმოაჩნდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ანტისხეულებზე ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგების შესახებ განმარტება გააკეთა.

26 მაისს, ტელეკომპანია კავკასიის ეთერში ცერცვაძემ ამ კვლევაზე ისაუბრა და თქვა, რომ COVID-19 საქართველოში გამოკვლეული 1000 ადამიანიდან 6-10 პროცენტს გადატანილი აქვს. დღეს, 27 მაისს, ცერცვაძემ განმარტა, რომ რიცხვებზე საუბრისას მან ტექნიკური შეცდომა დაუშვა. 

"დავუშვი ერთი უნებლიე ტექნიკური შეცდომა - ვთქვი, რომ წინასწარი მონაცემებით გვყავს 6-10%, მე უნდა მეთქვა რომ 6-10 ადამიანი პოზიტიური და არა პროცენტი.

კვლევა ჩავატარეთ ჯანმრთელ მოსახლეობაზე და მასში ჩართული 1 000 კაციდან გვყავს 6-10 ადამიანი, დაზუსტებით 6 ადამიანი. 6-10 ვახსენე იმიტომ, რომ დანარჩენი ოთხის შედეგები ზუსტდებოდა", - ამბობს ცერცვაძე და აღნიშნავს, რომ კვლევაში თბილისის მოსახლეობა მონაწილეობდა და ის სწრაფი ტესტებით ჩატარდა.

მისი თქმით, ამ მონაცემით ზოგად მდგომარეობაზე ვერ დავასკვნით, რადგან კვლევის შედეგები, შესაბამისი წესების დაცვით, მთელ მოსახლეობაზე უნდა გადაითვალოს . 

"ჩვენ საქართველოში არ ჩაგვიტარებია კვლევა, ქალაქ თბილისის მოზრდილ მოსახლეობაში ჩავატარეთ, რომელიც არის დაახლოებით 860 ათასი. კვლევაში მონაცილეობდა 1000 ადამიანი. ამას ნუ ჩათვლით საბოლოო შედეგად. ჯერჯერობით მხოლოდ შევაგროვეთ მონაცემები. ეს შედეგები მუშავდება, ამას თავის წესები აქვს და ეს მონაცემი შეიძლება მცირედით გაიზარდოს, ან შემცირდეს", - ამბობს ცერცვაძე. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 735 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 557 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები