საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ცერცვაძე: ჩემი აზრით, ჯერჯერობით, სრული დატვირთვით საზ. ტრანსპორტი არ გაიხსნება

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

"ჩემი აზრით, [საზოგადოებრივი ტრანსპორტი] ჯერჯერობით სრული დატვირთვით არ გაიხსნება", - ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

მისივე განმარტებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრებს შერჩეულ ადგილებზე მოუწევთ დასხდომა, - "ანუ, თუ ჩვეულებრივ დროს ავტობუსით მგზავრობდა 50-60 კაცი, ახლა იმგზავრებს ამის მესამედი, ასევე მეტროს სადგურებში".

კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ინფიცირებულთა მაჩვენებელის ზრდას, ცერცვაძე ამბობს, რომ ამის რისკები არსებობს, მაგრამ წინასწარი პროგნოზი შეუძლებელია.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის შეფასებით, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები სრულად მოიხსნება, იქნება 2 ძირითადი "სარისკო მომენტი" - საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროს ამუშავება.

"საქართველომ პანდემიის ამ ეტაპზე ძალიან კარგ მდგომარეობას მიაღწია, რაც გამოიხარება იმაში, რომ ბოლო 1 კვირის განმავლობაში ახლად ინფიცირებულთა რიცხვი არ აცდენილა ერთნიშნა რიცხვს და ბოლო დღეებში საერთოდ არის 1-დან 3-მდე - ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია.

როდესაც შეზღუდვები სრულად მოიხსნება, ამ შეზღუდვების მოხსნაში 2 ძირითადი მომენტია ყველაზე სარისკო - საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ტურიზმის ამუშავება, რისკები მოიმატებს. წინასწარ პროგნოზს ვერავინ გააკეთებს, ეს დამოკიდებულია, თუ როგორ მოიქცევა ჩვენი მოსახლეობა, როგორ დაიცავს ამ 3 თვის განმავლობაში გამომუშავებულ წესებს", - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

ცნობისთვის, 29 მაისიდან თბილისში ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიხსნება. 1-ლი ივნისიდან გაიხსნება კი გაიხსნება ღია სივრცის მქონე რესტორნები. ასევე ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც. პირველი ივნისიდან ასევე გაიხსნება ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობები. 8 ივნისიდან იხსნება სასტუმროებიც. ასევე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 735 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 557 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები