ტურიზმი

თუ ტურისტს ბოლო 72 საათში PCR ტესტი არ ექნება გაკეთებული, საქართველოში ვერ შემოვა

georgicatravel.ge

საქართველოში შემოსულ ტურისტს კორონავირუსზე ტესტი ბოლო 72 საათის განმავლობაში უნდა ჰქონდეს გაკეთებული. ამის შესახებ პარლამენტში პრემიერმა გიორგი გახარიამ ისაუბრა.

"საქართველოში შემოსულ ტურისტს უნდა ჰქონდეს აქტუალური, 72-საათიანი PCR ტესტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის საქართველოში ვერ შემოვა. მოგეხსენებათ, ევროპის ქვეყნებში უკვე კოვიდ პასპორტის თემას განიხილავენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ქვეყანაშიც შევქმნით შიგნით, ამ PCR ტესტების აღების შესაძლებლობას იშვიათი შემთხვევებისთვის, როდესაც ჩამოსულ ადამიანს ასეთი ტესტი არ ექნება. მაგრამ ორგანიზებული ტურისტული ჯგუფები ქვეყანაში შემოვლენ მხოლოდ მაშინ, როცა ასეთი წესი იქნება დაცული" - თქვა გახარიამ.

გარდა ამისა, პრემიერის ინფორმაციით, ორგანიზებული ტურისტული ჯგუფები მოხვდებიან კონკრეტულ სასტუმრო კომპლექსებში.

"იქ დანერგილია ყველა პროტოკოლი. სხვა შემთხვევაში, ჩვენი ტურიზმის ბრენდს და სექტორს ვაყენებთ რისკის ქვეშ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმში ჩვენ არ უნდა დავკარგოთ საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნუს ბრენდის სიძლიერე. პირიქით, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს სამზარეულოს, ჩვენს ღვინოს, სიმღერას, სტუმარ-მასპინძლობას, უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი ძლიერი ბრენდი - საქართველო, როგორც Covid Free და ვირუსთან ბრძოლის ეფექტური ქვეყანა. უნდა გავაძლიეროთ. ეს იგივე შემთხვევაა, როდესაც ვსაუბრობთ კრიზისზე, როგორც შესაძლებლობაზე და ტურიზმში ამის გაკეთება შეგვიძლია" - თქვა გახარიამ.

საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან, ხოლო საერთაშორისო ტურიზმი 1 ივლისიდან იხსნება.

კომენტარები