საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

გახარია: პანდემიისას, 26 მაისს ეროვნული დროშების ჩამოკიდება პრინციპული საკითხი არ არის

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია, პარლამენტში კითხვებს პასუხობს.

მან "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას კითხვას უპასუხა, 26 მაისს, რატომ არ ჩამოკიდეს ქუჩებში საქართველოს დროშები.

"ეროვნული დროშების ჩამოკიდება რატომ იყო ბატონო პრემიერო პრობლემა ქალაქში ამ დღის აღსანიშნავად? რა პრობლემასთან გვქონდა საქმე, რა შუაშია აქ პანდემია?", - კითხა ბოკერიამ გახარიას.

"სხვა თუ არაფერი არ გაქვთ, ახლა ეროვნული დროშები რატომ არ ჩამოკიდეთ... ჩვენ აბსოლუტურად გააზრებულად გავაკეთეთ ასეთი რამე. 26 მაისი, აი ასეთ დროს, როდესაც სოციალური ცხოვრება შეზღუდულია, ეს ყველაფერი გავაკეთეთ ლიმიტირებულად. ვთვლი, რომ ეს იყო სწორი, დავზოგეთ ბევრი რამ. შესაბამისად, იმ დროს, როდესაც ქვეყანა ებრძვის გლობალურ პანდემიას, არ ვთვლი რომ ეს პრინციპული საკითხია", - უპასუხა გიორგი გახარიამ.

გიგა ბოკერიამ ამ თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი 26 მაისსაც გამართა. ის ამბობდა, რომ ძალიან წუხს "რომ ასეთი მთავრობა გვყავს, რომელმაც ამაზეც კი არ იზრუნა და ეროვნული დროშები არ არის ქუჩებში გამოფენილი".

კომენტარები