8 მარტის შეთანხება

გახარია სამადაშვილს: მგონია, საერთაშორისო პარტნიორების თარგმნის ექსკლუზიური უფლება გაქვთ

საქართველოს მთავრობა / Screengrab

"ქალბატონო სალომე, მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენ, ამ ბოლო დროს, მოიპოვეთ ექსკლუზიური უფლება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თარგმნის", - ასე პასუხობს გიორგი გახარია სალომე სამადაშვილის კითხვას. ენმ-ის წევრმა პრემიერმინისტრს აშშ-ის პრეზიდენტის დამოუკიდებლობის დღის მილოცვა შეახსენა, სადაც ტრამპი დემოკრატიასა და დამოუკიდებელ სასამართლოზეც საუბრობს.

"როდესაც დამოუკიდებლობის დღე აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოს მიულოცა, მან შეგვახსენა, რომ ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა ეფუძნება ისეთ საერთო ღირებულებებს როგორიცაა დემოკრატია და მართლმსაჯულება.

გასაგებია, რომ თქვენ და თქვენი თანაგუნდელები, სენატის თავმჯდომარეს, ბატონ რიშს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების თავმჯდომარეს, ბატონ მაკკალისტერს, მოიხსენიებთ, როგორც ნაციონალური მოძრაობის კლასტერის წარმომადგენლებს. მაგრამ, იმედია ასეთ სისულელეს არ გვეტყვით ახლა ამ დარბაზში, რომ აშშ-ის პრეზიდენტიც ნაციონალური მოძაობის მხარდამჭერია. ალბათ უნდა დაგვეთანხმოთ, რომ სწორედ ეს საერთო ღირებულებებია დღეს მთავარი საკითხი ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებში", - მიმართა სამადაშვილმა გახარიას.

სალომე სამადაშვილმა პრემიერმინისტრს 8 მარტის შეთანხმების ჩაშლაზე ჰკითხა, რომლის ნაწილიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა და ამ შეთანხმების ჩაშლა მიაყენებს თუ არა დარტყმას დასავლელ პარტნიორებთან სტრატეგიულ ურთიერთობებს.

"სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეთი ექსკლუზიური უფლება თქვენ არ გაქვთ და ჩვენ, მეც მათ შორის, უფრო მჭიდრო ურთიერთობა მაქვს მათთან. იმ ყველაფერთან ერთად, ასე გვარებს რომ ჩამოთვლით ხოლმე, თუ ობიექტურად შევაფასებთ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, თქვენ ჩემზე უკეთესაც იცით, რომ ეს ადამიანები პირველ რიგში არიან საქართველოს მეგობრები და არა ნაციონალური მოძრაობის და შესაბამისად, სწორედ ეს ადამიანები იქნებაინ ის ადამიანები, რომლებიც აქამდე ობიექტურად აფასებდნენ და მომავალშიც ობიექტურად შეაფასებენ კონკრეტულად იმ 8 მარტის შეთანხმებასაც. სულ მალე მოვა საკონსტიტუციო ცვლილებების დრო და იქაც ვნახავ, აშკარად გამოჩნდება, ვინ როგორ პოზიციას დაიჭერს", - პასუხობს გახარია.

მიუხედავად პრეზიდენტის მიერ პოლიტპატიმრების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის, შეწყალებისა, ციხეში კიდევ ერთი პოლიტპატიმარი, მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა რჩება. ოპოზიცია და დასავლელი პარტნიორები მმართველ გუნდს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ და რურუას გათავისუფლებასაც ელიან.

კომენტარები