საპენსიო ფონდი

გახარია: საპენსიო ფონდი მომავალში უნდა დაიხარჯოს და არა დღეს, როცა ეს ფული არ მჭირდება

TV Pirveli

პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ევროპული საქართველოს წევრის ოთო კახიძის მიერ საპენსიო ფონდის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. გახარიას თქმით, საპენსიო ფონდში მოქალაქეების მიერ დაგროვილი თანხის დაბრუნების მოთხოვნა პოლიტიკური პოპულიზმია. 

გახარია ამბობს, რომ საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია და ქვეყანას რეზერვების დაგროვების სხვა რესურსი არ გააჩნია.

"საპენსიო ფონდი არის ხელშეუხებელი. ვერასოდეს ვერავინ საპენსიო ფონდს ვერ შეეხება და ეს უნდა იყოს ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი წესი. იმიტომ, რომ ამ ქვეყანას არ აქვს ის ბუნებრივი რესურსები, რომ ათობით მილიარდის რეზერვი დააგროვოს, რომ სოციალურად დაუცველ ადამიანებს ხანდაზმულობისა და მსგავსი ტურბულენტური კრიზისების დროს ელემენტარული დაცულობა ქონდეთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

გახარიას თქმით, ფონდში დაგროვილი ფული მოქალაქეებმა ხანდაზმულობისას უნდა დახარჯონ და არა დღეს, როდესაც ამის საჭიროება არ არის.

"ამ ფონდში დაგროვილია 772 მილიონი ლარი, ეს არის ჩვენი მოქალაქეების ხანდაზმულობის პერიოდში დასახარჯი ფული და არა დღეს კრიზისში, როდესაც ეს ფული არ მჭირდება", - ამბობს გიორგი გახარია. 

გახარიას თქმით, ფონდში დაგროვილი თანხების მოქალაქეებისთვის დაბრუნების მოწოდება პოლიტიკური პოპულიზმია და არცერთ ქვეყანაში მსგავსი მოწოდებაც კი არ ყოფილა.

გახარიამ ყურადღება გაამახვილა კახიძის მეირ დასმული კითხვის კიდევ ერთ ნაწილზე, რომელიც ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურესაბას და ამგვარად, ფონდში დაგროვილი ფულის დოლარის ექვივალენტის კლებას ეხებოდა.

"ამ ფონდის საშუალო წლიური ზრდა არის 14%, კურსთა შორის სხვაობის შედარება, საპენსიო ფონდის გადაყვანა უცხოურ ვალუტაში საერთოდ ეკონომიკური ნონსენსია, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ლარის სივრცეში ვცხოვრობთ და ხელფასსაც ლარში ვიღებთ და არა დოლარში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საპენსიო სქემა საქართველოში 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა, ამ სქემაში 40 წლამდე მოქალაქეებისთვის ჩართვა სავალდებულო იყო, ხოლო 40 წელს ზევით კი ნებაყოფლობითი. 

კომენტარები