აშშ-საქართველო

აშშ-ის საელჩო: არ შევასუსტებთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ

Shutterstock

საოკუპაციო ხაზთან "ბორდერიზაციის" პროცესთან და ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის შესახებ აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს. აშშ კვლავ ითხოვს, შეწყვიტოს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაბლოკვა.

"იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის იუბილეს და აღნიშნავს საქართველოს წარმატებას კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამერიკის შეერთებული შტატები პროტესტს გამოთქვამს მიმდინარე, პროვოკაციულ "ბორდერიზაციასთან” დაკავშირებით, რომელსაც ახორციელებს რუსეთისგან მართული უშიშროების ძალები, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის მიერ მართულმა უშიშროების ძალებმა უკანონოდ აღმართეს ღობეები და გააძლიერეს არსებული უკანონო “ბორდერიზაციის” პროცესი 12 ქართული სოფლის მიმდებარედ.

არანაკლებ შემაშფოთებელია რუსეთის მხრიდან მიმდინარე დეზინფორმაციის კამპანია, მათ შორის სიცრუის შეთხზვა და მისი გავრცელება ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით, რომელმაც სასიცოცხლო მნიშვნელობის როლი შეასრულა საქართველოს ბრძოლაში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ.

ამერიკის შეერთებული შტატები არ შეასუსტებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას: შეწყვიტოს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაბლოკვა" - აცხადებს აშშ-ის საელჩო.

კომენტარები