შსს

ბათუმში ხულიგნობაში ბრალდებულების მხარდამჭერთა აქციაზე 30 ადამიანი დააკავეს

პოლიციამ ბათუმში ხულიგნობაში ბრალდებულების მხარდამჭერთა აქციაზე 30 პირი დააკავა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს - სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა ედავებიან. 

ამასთან, "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე", შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი. შსს-ს განცხადებით, სწორედ ამის საფუძველზე, 7 მაისს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში 2 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს წარუდგინეს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

დღეს, დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს.

"მისი მსვლელობისას შეეცადნენ ცენტრალური გზის გადაკეტვას. პოლიციის არაერთი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა განაგრძეს საზოგადოებრივი წესრიგის დაარღვევა და ძალადობრივი მეთოდებით შეეცადნენ გზის გადაკეტვას" - აცხადებს შსს.

კომენტარები