კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 3 ახალი შემთხვევიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, რომელიც კარანტინში იყო

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, ყოველდღიურ საინფორმაციო ბრიფინგზე ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ეპიდემიური სიტუაცია შეაჯამა. 

ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 3 ახალი შემთხვევიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, რომლის წყაროც მისთვის უცნობია, თუმცა მძღოლი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. 

რაც შეეხება დანარჩენ ორს, ეზუგბაიას განმარტებით, ისინი ახალი კორონავირუსის უკვე აღრიცხული შემთხვევების კონტაქტები არიან. 

არცერთი მათგანი ინფექციურ საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ, სადაც, კიდევ ორი ადამიანის გამოჯანმრთელების შემდეგ, ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსის ინფექციით 32 პაციენტი მკურნალობს. 

"ჩვენთან მყოფი 3 მძიმე ავადმყოფის დინამიკა გაუმჯობესებულია, შეიძლება ითქვას, რომ 3-დან ერთის მდგომარეობა ჯერ კიდევ საყურადღებოა, ორის მდგომარეობა უკვე დინამიურად გაუმჯობესებულია გამოკვლევებით", - თქვა მარინა ეზუგბაიამ. 

28 მაისის დილის მონაცემები, საქართველოში ახალი კორონავირუსის სულ 738 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 573 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 კი - გარდაიცვალა. 

ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის სულ 153 აქტიური შემთხვევაა აღრიცხული.

კომენტარები