კორონავირუსი საქართველოში

სოლოღაშვილი: კლინიკაში კორონავირუსი 32 პაციენტს აქვს დადასტურებული, მათგან 11 ბავშვია

ტვ. პირველი

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, ბოქსირებულ სექტორში 42 პაციენტი მკურნალობს, კორონავირუსი 32-ს აქვს დადასტურებული, მათგან 11 კი ბავშვია. 

"ყველა პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, გრძელდება გამოკვლევები და მკურნალობა. ბავშვების მდგომარეობა საკმაოდ მსუბუქია. საბედნიეროდ, ყველა ბავშვის მდგომარეობა მიმდინარეობდა საკმაოდ მსუბუქად. უმრავლესობაში პნევმონია იყო გამოხატული, მაგრამ მათი სუბიექტური შეგრძნებები საკმაოდ მსუბუქი იყო. ყველა ბავშვის შემთხვევაში პნევმონია მკურნალობას კარგად ექვემდებარებოდა. გვყავდა ყველანაირი ასაკის ბავში, საბედნიეროდ, მდგომარეობამ 18-წლამდე ასაკის ჯგუფში საკმაოდ მსუბუქად ჩაიარა", - თქვა სოლოღაშვილმა.  

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტი 42-43 დღის განმავლობაში მკურნალობდა. 

"თუმცა, გაცილებით დიდი ხანგრძლივობაც ფიქსირდება სხვა კლინიკებში. ამ ეტაპზე, ეს მაჩვენებელი, როგორც რეკორდული, შეიძლება მოიხსნას და უფრო ხანგრძლივიც გახდეს. არსებული 32 პაციენტიდან გვყავს საკმაოდ ხანგრძლივი მკურნალობის მქონე პაციენტები", - თქვა სოლოღაშვილმა. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 738 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 573 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.

კომენტარები