რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო უწყება ლუგარის ცენტრში ყველა ლაბორატორიასა და დოკუმენტზე წვდომას ითხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
РИА

რუსეთი განაგრძობს დეზინფორმაციულ კამპანიას საქართველოში მდებარე ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ. ამჯერად ის ითხოვს, წვდომა ჰქონდეს ცენტრის ყველა შენობაზე, ლაბორატორიასა და დოკუმენტზე, რათა მისი მუშაობა "შეამოწმოს".

"საქართველოში, ალექსეევკის დასახლებაში ბიო-ობიექტზე ვიზიტის მიზანშეწონილობას ვხედავთ მხოლოდ იმ შემთხვევში, თუ გვექნება დაშვება ყველა ლაბორატორიულ კორპუსზე, მათ შორის იმ შენობებზე, სადაც ამერიკელი სპეციალისტები არიან, ასევე, გვექნება წვდომა ნებისმიერ დოკუმენტაციაზე. მხოლოდ ეს ფორმატი მოგვცემდა შესაძლებლობას, რეალური შემოწმება ჩაგვეტარებინა", - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყება ასევე წერს, რომ ქართული მხარის მიერ რუსეთის წინა განცხადების შეფასება, როგორც "უხეში და აგრესიული დეზინფორმაციის", უსაფუძვლო და პროვოკაციული ხასიათის ბრალდებაა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, საქართველოს მიზანია, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს იმ საომარი და ბიოლოგიური მოქმედებებიდან, რომელიც ამ ცენტრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს და რომელიც სერიოზულ კითხვებს აჩენს.

"ბიოლოგიური და ტოქსინების იარაღის კონვენციის განხორციელების კონტექსტში შესამჩნევია სურვილი, რომ ცენტრში განთავსდეს 'აშშ-ს არმიის სამედიცინო კვლევითი' საქმიანობა", - წერია განცხადებაში.

"მიუხედავად იმისა, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება ლაბორატორიას ფინანსურად სრულად აკონტროლებს, მის ბაზაზე მიმდინარე კვლევებს, ფაქტობრივად კურირებს და აფინანსებს აშშ-ის სამხედრო ძალები და მასთან აფილირებული სტრუქტურები. ეს დასტურდება ამ ბაზაზე ჩატარებული ბიოეფექტის ექსპერიმენტით მწერების, განსაკუთრებით საშიში ბიოლოგიური და ინფექციური პათოგენების მატარებლების შესახებ, აგრეთვე საბრძოლო მასალის აღჭურვით შხამიანი ნივთიერებებით ან ინფექციური აგენტებით", - აცხადებს რუსეთი, ამასთან, მიუთითებს, რომ რუსი ექსპერტების ვიზიტი ლუგარის ცენტრში მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე უნდა მოხდეს.

რუსეთის საგარეო უწყებამ ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მოითხოვა. როგორც აცხადებენ, შესაბამისი ნოტა მათ საქართველოს 2019 წლის ივნისშიც გამოუგზავნეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული უწყების პასუხად 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის პროცოკაციული განცხადებები დეზინფორმაციაა და შემაშფოთებელია. ქართული მხარის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანა ვერ ხედავს ცენტრში ცალმხრივი ვიზიტის განხილვის შესაძლებლობას, თუმცა მზადაა, უმასპინძლოს მორიგ ვარჯიშს/ვიზიტს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, მათ შორის რუსი ექსპერტების მონაწილეობით.

ლუგარის კვლევითი ცენტრის საქმიანობა, უკვე მერამდენედ, მოსკოვის აგრესიული განცხადებების საფუძველია. ლუგარის ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით გასულ პერიოდში არაერთხელ მომზადებულა ყალბი სიუჟეტები რუსეთის სახელმწიფო მედიების მეშვეობით.

საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, იგორ გიორგაძემ, გასულ წელს განაცხადა, რომ ლუგარის ცენტრში ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით სხვადასხვა ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან.
 

იგორ გიორგაძე უშიშროების მინისტრის პოსტს 1990-იანი წლების პირველ ნახევარში იკავებდა. 1995 წელს ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორად სწორედ იგორ გიორგაძე დასახელდა. თუმცა, გიორგაძემ საქართველო იმავე დღეს, რუსეთის შეიარაღებული ძალების ბაზიდან დატოვა. იმ დროიდან მოყოლებული გიორგაძე რუსეთში ცხოვრობს.

უფრო მეტი ლუგარის კვლევითი ცენტრის საქმიანობისა და ისტორიის შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები