საქართველოს საპატრიარქო

მეუფე იაკობი: თუ ტყეს შაჰ-აბასის შვილთაშვილებს ჰყიდით, ეკლესიას რატომ არ უნდა ქონდეს?

0 კომენტარი

"თუ შეიძლება, ვიღაც უცხოეთიდან ჩამოსულს, შაჰ-აბასის შვილთაშვილებს მიყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს?" - ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემის შესახებ.

მისი თქმით, ვისაც კანონი არ მოსწონს, კანონის მიმღებს უნდა "მოკითხოს", ეკლესია კი მხოლოდ კანონს აღასრულებს. ეპისკოპოსის მტკიცებით, საჭიროების შემთხვევაში, ეკლესია ტყეებს სახელწმიფოს დაუბრუნებს:

"შევარდნაძის დროს მხედრიონი და პოლიცია კურირებდა ხე-ტყეს. სააკაშვილის დროს - ბატონი მერაბიშვილი. პასუხი ვისზეც გაქვთ მოსათხოვი, იმას მოთხოვეთ. ეკლესიამ ვის რა მისცა, ვის რა მიჰყიდა თავისი? მიიღეს ტყის მართვის კანონი და იმ ტყის კანონში არის ეკლესიაზე მუხლი. თუ შეიძლება, ვიღაც უცხოეთიდან ჩამოსულს, შაჰ აბასის შვილთაშვილებს მიყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს? ჩვენ მზად ვართ ყოველთვის, თუ საჭირო იქნება, სახელმწიფოს დავუბრუნოთ. ამერიკაში ან ევროკავშირის ქვეყნებში რომ ასეთი კითხვა დაგესვათ, ვინმე პასუხის ღირსად გაგხდიდათ? კანონი კანონია. თუ არ მოგწონთ, ვინც მიიღო იმას მოკითხეთ. ჩვენ კანონის აღსრულებაზე ვართ", - თქვა მან.

პალამენტმა საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით 22 მაისს დაამტკიცა. ცვლილებები შევიდა სახელმწიფო ქონების შესახებ კანონშიც.

ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს კოდექსში ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, (არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში) და ასევე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

მიჩენილ ტერიტორიაში იგულისხმება ტყის ფართობი, რომლის მესაკუთრე არის სახელმწიფო, თუმცა, საერთო მართვის უფლებამოსილება აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად. შესაბამისად, საკანომდებლო ცვლილების შემდეგ, საპატრიარქოს შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს როგორც ახალი, ასევე აქამდე მიჩენილი ტერიტორიები.

კანონპროექტს არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

TDI კანონის შესაბამისი მუხლების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

საკონსტიტუციოსთვის მიმართვას გეგმავს EMC-ც. ასევე, EMC-ის განცხადებით, აშკარაა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან საპატრიარქოს ლოიალობის მოპოვებისა და რელიგიური საკითხების პოლიტიკურად გამოყენების კიდევ ერთი პოპულისტური მცდელობაა და მათ შორის, წინასაარჩევნო კონტექსტი აქვს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები