ირანი

მამის მიერ 14 წლის გოგოს მკვლელობის შემდეგ როუჰანი "ღირსების მკვლელობების" აკრძალვას ითხოვს

New York Post

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ საკუთარ მინისტრთა კაბინეტს მოუწოდა, სწრაფად მიიღონ ქვეყანაში ე.წ. "ღირსების დასაცავი მკვლელობების" ამკრძალავი კანონმდებლობა და დანაშაულზე სასჯელი გამკაცრდეს.

პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ირანის გილანის პროვინციაში 14 წლის გოგო მამამ "ოჯახის შერცხვენის" გამო მოკლა.

გოგო 34 წლის კაცთან ერთად სახლიდან გაიქცა, მას შემდეგ, რაც მშობელმა ქორწინებაზე უარი უთხრა. 5-დღიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ გოგო სახლში დააბრუნა, მიუხედავად იმისა, რომ ის სამართალდამცველებს საფრთხის შესახებ აფრთხილებდა. მამამ შვილი საკუთარ საძინებელში ნამგლით მოკლა.

მკვლელმა დანაშაული აღიარა, ის დაპატიმრებულია. ამჟამინდელი კანონებით, მას მკვლელობის მუხლით 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება. მთავრობა სწორედ ისეთი კანონპროექტის შემუშავებას გეგმავს, რომლითაც ქალთა მიმართ ძალადობა უფრო მკაცრად დაისჯება.

"ჩვენ უნდა გადავხედოთ იმ იდეას, რომ ოჯახი ბავშვებისა და ქალებისათვის უსაფრთხო ადგილია. დანაშაულები, რაც ქალების მიმართ საზოგადოებაში ხდება, უფრო ნაკლებია, ვიდრე ის, რაც ოჯახებში ხდება", - თქვა როუჰანის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში შაჰნაზ საჯადიმ.

ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ტრადიციულ საზოგადოებაში მსგავს ვითარებაში დამნაშავედ სწორედ ქალი ითვლება და ხშირია შემთხვევები, როდესაც "ოჯახის ღირსების" დასაცავად მათ საკუთარი მშობლები, ძმები ან სხვა ნათესავები კლავენ.

კომენტარები