ევროპული საქართველო

ბოკერია: მთავრობა უარს ამბობს იმ ნაბიჯებზე, რაც ერთადერთი გზაა კრიზისიდან გამოსასვლელად

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, პრემიერმინისტრი  დეპუტატების შეკითხვებს ან არ პასუხობდა, ან ცრუობდა. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ ურჩევნია გიორგი გახარიას ფორმატი, რომლის დროსაც კითხვებს აგროვებს და შემდეგ ერთდროულად სცემს პასუხს. 

გიგა ბოკერიამ ასე პრემიერის პარლამენტში გამოსვლა შეაფასა. 27 მაისს გიორგი გახარიამ საკანონმდებლო ორგანოში ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული 2-თვიანი საგანგებო მდგომარეობა შეაჯამა.  

"ბუნებრივია, როგორი ცუდი ფორმატიც არ უნდა იყოს, ჩვენ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ ის საკითხები დაისვას, რაც საზოგადოებას აწუხებს და კიდევ ერთხელ გახდეს ნათელი, რაზე არ აქვს მას პასუხები და რაზე ატყუებს ჩვენს მოქალაქეებს", - ამბობს ბოკერია. 

დეპუტატის თქმით, დასაქმებულებს თუ დამსაქმებლებს, ყველას უმძიმესი თვეები ელის, რაც ობიექტურად პანდემიამ მოიტანა, სუბიექტურად კი - მთავრობის მავნებლურმა ნაბიჯებმა. 

"მთავრობამ გაუაზრებლად ჩაკეტა ეკონომიკა, მინიმუმ დააგვიანა გახსნა და პრინციპულად უარს ამბობენ იმ ნაბიჯების გადადგმაზე, რასაც ევროპული საქართველო სთავაზობს მათ და რაც ერთადერთი გზაა, რომ შანსი მივცეთ ყველას", - თქვა ბოკერიამ. 

ევროპული საქართველოს შეთავაზება გადასახადების შემცირებასა და რიგი გადასახადების გაუქმებას მოიცავს, რათა, ბოკერიას განმარტებით, მოქალაქეებსა და მეწარმეებს წნეხი მოეხსნათ და შანსი მიეცეთ, გამოვიდნენ ეკონომიკური კრიზისიდან. 

"ამის ნაცვლად ცუდი ძიძის გზავნილები გვესმის, რომელიც ამბობს, რომ თვითონ გადაწყვეტს, ვის როგორ უნდა დაეხმაროს და ეს გადაწყვეტილება ხშირად ქაოტური და კორუფციულია, მაგრამ თქვენ თქვენი შრომით შექმნილ ფულს არ დაგიტოვებთ და ისევ გამოგართმევთ", - თქვა ბოკერიამ. 

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, ქართული ოცნების მთავრობა ვერ ხვდება, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ბევრი ადამიანის გაკოტრებას გამოიწვევს და ბიუჯეტშიც ნაკლები ფული შევა. 

"თუმცა, ბიუჯეტში ფული ქვეყნის მთავარი სამიზნე არ არის. ქვეყნის სამიზნეა მოქალაქეების კეთილდღეობა. ეს მათ არ ესმით, არ აქვთ დნმ-ში, მაგრამ საპარლამენტო დებატების და საზოგადოებრივი აზრის წნეხი მაინც მნიშვნელოვანია", - თქვა გიგა ბოკერიამ. 

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, რომლის პარლამენტში მისვლასაც ოპოზიციური დეპუტატები მთელი საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში ითხოვდნენ, საკანონმდებლო ორგანოს წინაშე საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან რამდენიმე დღის შემდეგ წარსდგა. 

კომენტარები