აშშ-ჩინეთი

აშშ ათასობით ჩინელი სტუდენტისთვის ვიზების გაუქმებას გეგმავს - Reuters

ლონდონში ჩინელი სტუდენტები ჰონგ-კონგის დემოკრატიული ცვლილებების მომხრე აქტივისტების საწინააღმდეგო აქციას მართავენ. 19.08.2019
REUTERS/ China.org.cn

აშშ ათასობით ჩინელი სტუდენტისთვის ვიზების გაუქმებას გეგმავს. ტრამპის ადმინისტრაციაში თვლიან, რომ ზოგი ჩინელი სტუდენტი ჩინეთის სამხედროებთან არიან დაკავშირებულნი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ანონიმურ წყაროებზე, მათ შორის, ერთერთ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გადაწყვეტილების შესახებ, შესაძლოა, მიმდინარე კვირას განაცხადონ. წყაროების თქმით, ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, 3000-დან 5000-მდე ჩინელ სტუდენტს შეეხება.

როგორც ანონიმური წყაროები აცხადებენ, ამ ქმედების მთავარი მიზანია შპიონაჟისა და ინტელექტუალური საკუთრების მოპარვის შემცირება, რაშიც აშშ-ის კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში ზოგიერთი ჩინელი სტუდენტი არის ეჭვმიტანილი. 

მათივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია ელის, რომ უნივერსიტეტები ფინანსური ინტერესის გამო ამ ნაბიჯს შეეწინააღმდეგებიან.

აშშ-ში, დაახლოებით, 360 000 ჩინელი სტუდენტი იღებს განათლებას, საიდანაც აშშ-ის ეკონომიკაში წლიურად, დაახლოებით, 14 მილიარდი აშშ დოლარი შედის. 

აშშ-ის მსგავსი ნაბიჯი ჩინეთთან მრავალი საკითხის გამო დაძაბულ ურთიერთობას, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაამწვავებს. 

ანონიმური წყაროების თქმით, ვიზების გაუქმების საკითხზე ადმინისტრაცია უკვე თვეებია რაც მუშაობს. ამ საკითხში გათვითცნობიერებულმა კიდევ ერთმა წყარომ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ჰონგ-კონგის საკითხთან პირდაპირ დაკავშირებული არ არის, თუმცა ჩინეთის წინააღმდეგ "საერთო წნეხის კამპანიის" ნაწილია. 

აღსანიშნავია, რომ 8 მაისს აშშ-მა ჩინელი ჟურნალისტებისთვის სავიზო წესები გაამკაცრა. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ერთერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, ახალი წესებით,  დეპარტამენტს ჩინელი ჟურნალისტების ვიზის აპლიკაციის განხილვა უფრო ხშირად შეეძლება. ეს, სავარაუდოდ, აშშ-ში ჩინელი ჟურნალისტების რაოდენობას შეამცირებს - "ეს უფრო დიდ ეროვნულ უსაფრთხოებას მოიტანს".

28 მაისს ჩინეთის პარლამენტმა ჰონგ-კონგის ეროვნული უშიშროების ახალ კანონს მხარი დაუჭირა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკვე გამოაცხადა, რომ ჰონგ-კონგი ავტონომია აღარ არის. აშშ ჰონგ-კონგის გამო ჩინელი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.

ამჟამად, ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გაუარესებულია და არამხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების, არამედ ჰონგ-კონგის, ტაივანის, სამხრეთ ჩინეთის ზღვის, სინძიანგის საკონცენტრაციო ბანაკების საკითხის გამო. ასევე, აშშ ჩინეთს უსამართლო ვაჭრობაში, ტექნოლოგიურ მანიპულაციაში ადანაშაულებს.

კომენტარები