ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

მომხმარებლებს შორის 1-მეტრიანი დისტანცია და სხვა - წესები კვების ობიექტებისთვის

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, საზოგადოებრივი კვების ობიექტების მუშაობის წესები და რეკომენდაციები დაამტკიცა

ახალი კორონავირუსით გათვალისწინებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფონზე, საზოგადოებრივი კვების ობიექტები 8 ივნისს გაიხსნება, თუმცა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ობიექტებს რიგი წესებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ. 

მაგალითად, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის ძირითად მოთხოვნებში შედის, რომ მაგიდებს შორის დაცული იყოს არანაკლებ 2-მეტრიანი მანძილი; 

ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის 1-მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს და ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი 2.25მ2-ს უნდა შეადგენდეს. ამასთან, მოთხოვნების მიხედვით, სკამის საზურგეებს შორის არანაკლებ 1-მეტრიანი მანძილი უნდა იყოს. 

მოთხოვნების მიხედვით, ერთ მაგიდასთან 6 მომხმარებლეზე მეტის მოთავსება არ შეიძლება. გამონაკლისის სახით შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება. 

ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ 2-მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, შესაძლებელია დროებითი დამცავი ბარიერის გამოყენება. 

ამასთან, მოთხოვნების მიხედვით, 30 მ2-მდე საერთო სასადილო ფართში დაუშვებელია დამცავი ბარიერების გამოყენება. 31მ2-დან ზემოთ შესაძლებელია დამცავი ბარიერების გამოყენება საერთო სასადილო ფართის არაუმეტეს 50%-ში. 

ამასთან, ობიექტები ვალდებულები არიან, დახურული სივრცეები ბუნებრივი ვენტილაციით უზრუნველყონ, ხოლო თუკი მათ ამის შესაძლებლობა არ ექნებათ, გამოიყენონ ხელოვნური ვენტილაცია "გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით". 

რაც შეეხება მენიუს, ჯანდაცვის სამინისტრო კვების ობიექტებს ავალდებულებს, გამოიყენონ ერთჯერადი ბეჭდური მენიუ. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შემთხვევაში კი, მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის სადეზინფექციო საშუალებები უნდა განათავსონ, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით. 

სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება ობიექტებმა ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით უნდა უზრუნველყონ.

"ამ წესის მოთხოვნების საილუსტრაციოდ, სავალდებულოა მაგიდების განლაგებისა და დისტანციის მარკირება, შესაბამისი აღნიშვნებით", - წერია დოკუმენტში. 

რაც შეეხება ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, მაგიდებისა და სტუმრების განლაგების მოთხოვნები დახურული სივრცის მსგავსია. 

ძირითადი რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროსგან კვების ობიექტებს: 

  • ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყავით წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით (წინასწარი ჩაწერით მომსახურება), ხოლო იმ შემთხვევაში თუ:
  • მომსახურების იღებს ადგილზე მიტანის სერვისის წარმომადგენელი (იურიდიული პირის წარმომადგენელი), მოცდის პროცესი უნდა განხორციელდეს შენობის გარეთ, შესაბამისი უსაფრთხო დისტანციის დაცვით;
  • იმ შემთხვევაში თუ მომსახურებას იღებს ფიზიკური პირი, ნებადართულია მოცდის პროცესის განხორციელება დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენებით და სოციალური დისტანციის შესაბამისი ნორმების დაცვით.
  • წინასწარ განსაზღვრეთ სტუმართათვის ადგილი, (იატაკის მონიშვნით და დისტანციის დაცვით);
  • მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებსა და მომხმარებლებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
  • უზრუნველყავით დასაქმებულთა და მომხმარებელთა ყოველდღიური ვიდეოსკრინინგი ან თერმოსკრინინგი;
  • აკონტროლეთ დასაქმებულთა და მომხმარებელთა რაოდენობა;
  • განათავსეთ დეზობარიერი შესასვლელში, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
  • სალაროსთან დაამონტაჟეთ დამცავი გამჭვირვალე ბარიერი - მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტის თავიდან არიდების მიზნით;
  • სამუშაო ადგილზე უზრუნველყავით ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის ან ანალოგიური ეფექტის მქონე სხვა სადეზინფექციო ხსნარის განთავსება;
  • უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას.

კომენტარები