Facebook

ზაკერბერგი ტრამპის პოსტზე: სჯობს, დისკუსია მიდიოდეს საჯაროდ, ანგარიშვალდებული ასე ხდებიან

Facebook-ის დამფუძნებელს მარკ ზაკერბერგს მიაჩნია, რომ სოციალური ქსელები პოლიტიკოსების პოსტებს შემოწმებას, ე.წ. "ფაქტჩეკინგს", არ უნდა უტარებდნენ.

ზაკერბერგის აზრით, Facebook ან ინტერნეტ პლატფორმები სიმართლის არბიტრები არ უნდა იყვნენ:

"პოლიტიკური სიტყვა დემოკრატიის ერთერთი ყველაზე მგრძნობიარე ნაწილია და ხალხს უნდა შეეძლოს, თავად ნახოს, თუ რას ამბობენ პოლიტიკოსები," - ამბობს ის ინტერვიუში.

მისივე განცხადებით, მართალია, Facebook-ის იყენებს ფაქტების დამოუკიდებელ შემმოწმებლებს, რომელთა მიზანიც "ყველაზე უარესი რაღაცების დაჭერაა", მაგრამ "ამ პროგრამის მიზანი არ არის სიტყვების გაანალიზება, რაღაც ოდნავ მართალი ან მცდარი არის თუ არა". 

ზაკერბერგის ეს კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტის სადავო პოსტს მოჰყვა. პოსტი, რომელიც დონალდ ტრამპმა Twitter-ზე, Facebook-სა და Instagram-ზე ერთდროულად განათავსა, ეხმაურებოდა ძალადობრივ პროტესტს ქალაქ მინეაპოლისში, რაც, თავის მხრივ, დაკავებისას 46 წლის აფროამერიკელი კაცის სიკვდილს მოჰყვა.

"ეს ავაზაკები შეურაცხყოფას აყენებენ ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას და მე ამას არ დავუშვებ. ახლახან ვესაუბრე გუბერნატორ ტიმ უოლტსს და ვუთხარი მას, რომ სამხედროები მასთან არიან და გზაში არიან. თუ რაიმე გართულება იქნება, კონტროლს დავამყარებთ, მაგრამ როდესაც მოროდიორობა დაიწყება, სროლა დაიწყება" - დაწერა ტრამპმა. 

Twitter-მა პრეზიდენტის პოსტს გამაფრთხილებელი წარწერა გაუკეთა - "ეს ტვიტი არღვევს ჩვენს წესებს ძალადობის წახალისების შესახებ, თუმცა ჩვენი შეფასებით, შესაძლოა, საზოგადოების ინტერესებში იყოს მისი მისაწვდომობა".

Facebook-ის გადაწყვეტილება, ხელუხლებელი დაეტოვებინა ხსენებული პოსტი, ზაკერბერგმა ახსნა:

"მწვავე დებატი მიმდინარეობს იმაზე, როგორ უნდა ვიქცეოდეთ მსგავს მომენტებში. ვიცი, ადამიანები იმედგაცრუებულნი არიან, რომ ასეთი გადაწყვეტილებებისთვის დიდი დრო გვჭირდება. მათი მიღება რთულია, ჩვენი პოლიტიკა მუდმივი გადახედვის რეჟიმში გვაქვს, რადგან კონტექსტი მუდამ ცვალებადია.

ადამიანები შეიძლება დაგვეთანხმონ ან არ დაგვეთანხმონ, სად უნდა გადიოდეს ხაზი, მაგრამ ვიმედოვნებ, გაიგებენ ჩვენს ზოგად ფილოსოფიას, რომ უმჯობესია, დისკუსია მიდიოდეს საჯაროდ, განსაკუთრებით, როცა სასწორზე ასეთი მნიშვნელოვანი რამ დევს", - წერს ის.

ზაკერბერგისვე თქმით, თავად უარყოფითად აფასებს ტრამპის მსგავს რიტორიკას, თუმცა, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა ის პირადად ნახონ:

"მკვეთრად არ ვეთანხმები იმას, როგორც პრეზიდენტმა ისაუბრა ამ თემაზე, მაგრამ მჯერა, რომ ადამიანებს ამის ნახვა თავად უნდა შეეძლოთ, რადგან საბოლოო ჯამში ძალაუფლების მქონეთა ანგარიშვალდებულება მაშინ დგება, როდესაც მათი სიტყვები საჯარო კრიტიკის საგანი ხდება".

Facebook-მა ოქტომბერში განაცხადა, რომ პოლიტიკოსებს სოციალურ ქსელში რეკლამების გავრცელების საშუალებას მისცემს. Twitter კი საკუთარ პლატფორმაზე ყველა სახის პოლიტიკურ რეკლამას მთელი მსოფლიოს მასშტაბით კრძალავს.

კომენტარები