კორონავირუსი საქართველოში

მინისტრის მოადგილე: ვირუსის გავრცელების რისკი რეალურად დაბალია, ეს არის 0.5-ზე ნაკლები

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას, თქმით, პანიკა არასდროს არის კარგი, თუმცა საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ შეზღუდვების მოხსნა არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი აღმოიფხვრა. 

"ვირუსის გავრცელების რისკი, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით, რეალურად არის დაბალი. ანუ ეს არის 0.5-ზე ნაკლები, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელება ხდება ძალიან შეზღუდულად", - თქვა თამარ გაბუნიამ რუსთავი 2-ისთვის მიცემულ კომენტარში. 

გაბუანის თქმით, ეს კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ საქართველომ არსებული მდგომარეობა შეინარჩუნოს, თუმცა მისივე განმარტებით, ინფექციონისტების მიერ რეკომენდებული ქცევების დაცვა კვლავ მნიშვნელოვანია. 

"ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია დავივიწყოთ ყველა ის დამცავი ქცევა, რომელიც რეკომენდებული იყო მთელი ამ დროის განმავლობაში", - თქვა გაბუნიამ. 

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 783 შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 605 გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა. 

ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსის 26 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ამბობს, ამ ახალი შემთხვევებიდან 18 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში აღირიცხა, რომელიც კვლავ საკარანტინო ზონადაა გამოცხადებული. 

2-თვიანი საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 23 მაისს გაუქმდა და მასთან ერთად შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. სოციალური დისტანციის დაცვა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარება ინფექციონისტების მთავარი რეკომენდაციაა და მთავრობის ბრძანებით, სავალდებულოცაა. 

კომენტარები