საპროტესტო აქციები აშშ-ში

აქციების გამო აშშ-ის 15 შტატში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული

AP

აქციების გამო აშშ-ის 15 შტატში და ასევე დედაქალაქ ვაშინგტონში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული. სულ შტატებში ეროვნული გვარდიის 5 000-მდე წევრი გაიგზავნა. გუბერნატორების თქმით ისინი ადგილობრივ სამართალდამცველებს კერძო საკუთრების დაცვაში, ძარცვის შეჩერებაში და გადაადგილების მოწესრიგებაში დაეხმარებიან.

მასაჩუსეტსის ქალაქ ბოსტონში მათ პოლიციასთან ერთად აქცია დაშალეს

აქციები გაიმართა ქალაქ ნიუ-იორკშიც. მანჰეტენზე მსვლელობის შემდეგ ისინი პოლიციას დაუპირისპირდნენ. უკანონო შეკრების გამო დააკავეს რამდენიმე ადამიანი მათ შორის ქალაქის მერის, ბილ დე ბლაზიოს ქალიშვილი.

40-მდე ქალაქში კომენდანტის საათია გამოცხადებული. ზოგიერთ ქალაქში მისი გახანგრძლივება 8 ივნისამდე სურთ.

ქალაქ ატლანტაში სამსახურიდან გაათავისუფლეს ორი პოლიციელი, რომელთაც ორი სტუდენტის წინააღმდეგ ელექტროშოკი გამოიყენეს და დააკავეს, რადგან ეგონათ, რომ იარაღი ჰქონდათ.

ეროვნული გვარდია აშშ-ის სამხედრო ძალების რეზერვია. ყველა შტატს, ტერიტორიას და დედაქალაქ ვაშინგტონს საკუთარი ეროვნული გვარდია ჰყავს.

მშვიდობიანი აქციები, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს მოჰყვა, ზოგ ქალაქში ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა - დემონსტრანტებმა ავტომობილები, შენობები გადაწვეს. სპეცრაზმმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

30 მაისს მინეაპოლისში ყოფილ პოლიციელს, დერეკ შოვინს, 46 წლის აფროამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობისთვის წარუდგინეს.

ფლოიდის ოჯახმა და ადვოკატმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას მიესალმებიან, თუმცა ის დაგვიანებულია. ოჯახი პოლიციელისთვის პირველი ხარისხის მკვლელობისთვის ბრალის წარდგენას და შემთხვევაში მონაწილე დანარჩენი სამი პოლიციელის დაკავებას ითხოვს. 

ჯორჯ ფლოიდს ყალბი ფულის გამოყენების გამო აკავებდნენ. პოლიციამ განაცხადა, რომ მან დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა სცადა და სამედიცინო დახმარება სჭრიდებოდა. გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დაკავების პირველი წუთები არ ჩანს, თუმცა ასახულია, როგორ წევს მიწაზე დაკავებული. მას ხელბორკილები ადევს, თუმცა, ამის მიუხედავად, პოლიციელი მუხლით კისერზე აწვება. ისმის კაცის ხმა "ვერ ვსუნთქავ, არ მომკლათ".

კომენტარები