TI: სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან ₾40 მილიონი უტენდეროდ იხარჯება

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს თანახმად, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის 40 მილიონიანი პროგრამის ფარგლებში უკვე მეორე წელია, ფული მთლიანად უტენდეროდ იხარჯება.

სამთავრობო პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა გამარტივებული შესყიდვის პროცედურით იმართება, რაც, როგორც გამჭვირვალობაში ამბობენ, კორუფციის რისკს შეიცავს.

"გამარტივებული შესყიდვის ასეთი მასშტაბით გამოყენება მუნიციპალურ დონეზე ამცირებს გამჭვირვალობას და კონკურენციას და, შესაბამისად, ზრდის კორუფციის რისკებს", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობაში განსაკუთრებით პრობლემურად მიაჩნიათ, რომ რამდენიმე ათასი შესყიდვისთვის ტენდერის ნაცვლად პირდაპირი შესყიდვის გამოყენებაზე ერთიანი თანხმობა გაიცემა, რაც კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თანხმობა ცალკეულ შემთხვევებზე უნდა გაიცემოდეს და არა ერთიანად.

ამისდა მიუხედავად, მთავრობამ უკვე ორჯერ გასცა ერთიანი თანხმობა გამარტივებულ შესყიდვაზე.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს 54 მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად 5000-მდე პროექტი ფინანსდება. მთავრობა ამ გზით სოფლებში მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს.

კომენტარები