ებოლა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემია გამოაცხადეს

Reuters

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემია გამოაცხადეს. ახალი შემთხვევები ქვეყნის აღმოსავლეთით, ვირუსის კერიდან 1 000 კილომეტრით დაშორებით, ქალაქ მბანდაკაში გამოვლინდა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ქალაქში 4 გარდაცვლილ ადამიანს ებოლა დაუდასტურდა.

სამინისტრო რეგიონში ვაქცინებს და მედიკამენტებს გაგზავნის.

გასულ წელს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ებოლათი გარდაცვლილთა რიცხვმა 2 000-ს გადააჭარბა. ვირუსი გავრცელდა მეზობელ რუანდაშიც.

ებოლას ვირუსი 1976 წელს ზაირში აღმოაჩინეს. ადამინი ვირუსით დაავადებული პირის ან ცხოველის სისხლთან, სისხლის კომპონენტებთან ან ამ ნივთიერებებით დაბინძურებულ გარემოსა და საგნებთან კონტაქტის შედეგად ინფიცირდება. ებოლას ვირუსს სისუსტე და ყელისა და კუნთების ტკივილი ახასიათებს. ის პირღებინებას, დიარეასა და შინაგან სისხლდენას იწვევს. მეცნიერებმა ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა 2016 წლის დეკემბერში შექმნეს. 1976 წლიდან ებოლას საწინააღმდეგოდ არაერთი ვაქცინა შეიმუშავეს, თუმცა ადამიანზე ეფექტურობით არც ერთი მათგანი არ გამოირჩეოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ებოლას ვაქცინა უკვე არსებობს, აცრა მხოლოდ იმ ადამიანებს უტარდებათ, ვინც დაავადებულებთან პირდაპირ კონტაქტში იყვნენ. ამჟამად აცრილია 161 000-ზე მეტი ადამიანი.

გარდა ამისა, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე კონფლიქტი სიტუაციას ართულებს. გასულ წელს ებოლას სამკურნალო დაწესებულებებზე და მის პერსონალზე 198 თავდასხმა მოხდა, რასაც 7 ადამიანი ემსხვერპლა და 58 დაშავდა.

კონგოში ახალი კორონავირუსის შემთხვევებიც დადასტურდა. უკანასკნელი მონაცემებით ქვეყანაში Covid-19 611 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 20, გამოჯანმრთელდა 179. თუმცა, დაავადებულთა ზუსტი რაოდენობა, ტესტირების ნაკლებობის გამო, უცნობია.

კომენტარები