სახელმწიფო ბიუჯეტი

TI: სასტუმროს მფლობელებმა ოცნებას 65 000 შესწირეს, მთავრობამ 277 000-ის კონტრაქტი გაუფორმა

0 კომენტარი

არასამთავრობო ორგანიზაცია გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებული მასალის მიხედვით კახეთში მდებარე სასტუმრო ყვარლის ედემის მფლობელებმა 20-23 მარტს ქართულ ოცნებას 65 000 ლარი შეწირეს. აქედან რამდენიმე დღეში გამარტივებული შესყიდვის წესით, მთავრობამ სასტუმროსთან 277 300 ლარის ხელშეკრულება გააფორმა. 

საუბარია, კორონავირუსული პანდემიის პერიოდზე, რა დროსაც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საკარანტინე სივრცეებად სხვადასხვა სასტუმროების გამოყენება დაიწყო. ერთ-ერთი ასეთი, სწორედ ყვარლის ედემია, რომელშიც მაღალი რისკის ზონებიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები უნდა განეთავსებინათ. 

სამთავრობო უწყებამ სასტუმროსთან ხელშეკრულება 2 თვის ვადით, სულ 45 ნომერზე გააფორმა. 

  • მიმდინარე წლის 20 მარტს შპს „ზიმოს“ დირექტორმა და წილის მფლობელმა ზურაბ კიკნაძემ 25 000 ლარი შეწირა;
  • კომპანიის წილის კიდევ ერთმა მფლობელმა, ილია ქავთარაძემ 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 13 000 ლარი შესწირა;
  • წილის კიდევ ერთმა მფლობელმა ლევან მარშანიამ 2020 წლის 23 მარტს „ქართულ ოცნებას” 5 000 ლარი შეწირა.
  • წილის კიდევ ერთმა მფლობელმა გია უროტაძემ 2020 წლის 20 და 23 მარტს 17 000 ლარი შეწირა „ქართულ ოცნებას”.

სწორედ ამ შემოწირულობებიდან რამდენიმე დღეში, სამთავრობო უწყებამ სასტუმროსთან 277 300 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2013-2019 წლებში ჯამურად 400,000 ლარის გამარტივებული შესყიდვებია გაფორმებული. 

"შპს „ყვარლის ედემთან“ დაკავშირებულ პირებს 2019-2020 წლებში ქართულ ოცნებისთვის სულ 235,000 ლარი აქვთ შეწირული. კომპანია „ზიმოს“ კი 2012-2019 წლებში პირდაპირი შესყიდვის გზით 19 მლნ ლარის ღირებულების 49 კონტრაქტი აქვს სახელმწიფო უწყებებთან გაფორმებული", — ნათქვამია, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები