დავიცვათ თავი კიბერბულინგისაგან - სახელმწიფო ინსპექტორის რჩევები მშობლებსა და ბავშვებს

kidshelpline.com.au

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მშობლებისა და ბავშვებისთვის ინტერნეტისა და მოწყობილობების უსაფრთხოდ გამოყენებისათვის რეკომენდაციები გაავრცელა. სახელმწიფო ინსპექტორის შეფასებით, ეს რეკომენდაციები არასრულწლოვნებს დაეხმარება ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და კიბერბულინგის თავიდან არიდებაში. ინსპექტორი მოზარდებს მოუწოდებს, თუ თავს კიბერბულინგის მსხვერპლად მიიჩნევენ, პირველ რიგში, უფროსებს და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართონ.

რა არის კიბერბულინგი?

როგორც წესი, კიბერბულინგი მოიცავს ონლაინ სივრცეში განხორციელებულ ისეთ ქმედებებს როგორიცაა შევიწროება, შეურაცხყოფა, დამცირება, პერსონალური ინფორმაციის (მაგალითად, არასასურველი ფოტო/ვიდეო მასალის) უნებართვოდ გასაჯაროება ან მისი საშუალებით შანტაჟი/მუქარა, იდენტობის მოპარვა (მაგალითად, სხვისი სახელით სოციალურ ქსელში ანგარიშის შექმნა) და ა.შ. სოციალურ ქსელებში შეხვდებით არაერთ გვერდს და მომხმარებელს, რომლებიც გამიზნულად ამცირებენ, დასცინიან ადამიანებს მათი გარეგნობის, შეხედულების თუ სხვა გარემოებების გამო და ამ მიზნით ასაჯაროებენ ფოტოს, ვიდეოს, პირად მიმოწერას.

რატომ არის კიბერბულინგი განსაკუთრებით საშიში?

ინტერნეტი ხელსაყრელი გარემოა ბულინგისათვის, რადგან:

  • ინტერნეტში აქტივობა დასაშვებია ანონიმურადაც. ამდენად, მჩაგვრელს აქვს თავისი ვინაობის დამალვის საშუალება;
  • ონლაინ სივრცეში მჩაგვრელს არ სჭირდება ფიზიკური ან/და სოციალური ძალაუფლება, რაც როგორც წესი ტრადიციული ბულინგის დროს არის საჭირო;
  • ინტერნეტი ბულინგისთვის იძლევა გაცილებით დიდი მასშტაბს. იგი არ არის შეზღუდული დროით და ფიზიკური კონტაქტით.
  • კიბერბულინგის შეჩერება გაცილებით რთულია. ინტერნეტ სივრცეში არ არსებობს ღილაკი „წაშლა“, რომელიც გასაჯაროებულ ინფორმაციას სრულად წაშლის. მომხმარებელმა შეიძლება ინანოს ინტერნეტში ინფორმაციის გასაჯაროება და მისი წაშლა გადაწყვიტოს, თუმცა, რამდენიმე წუთში ინფორმაცია შეიძლება უკვე ბევრი ადამიანის მიერ იყოს წაკითხული, გადაწერილი, შენახული და ხელახლა გაზიარებული. ამასთან, მომხმარებელი ვერ აკონტროლებს თუ რას აზიარებენ სხვები ინტერნეტით. ვირტუალურმა მეგობრებმა შეიძლება უნებართვოდ განათავსონ ფოტოები ან სხვადასხვა პირადი ინფორმაცია.
  • გარდა ამისა, შეზღუდულია არასასურველი შინაარსის ტექსტებისა თუ ფოტო-ვიდეომასალის აღება და წაშლა როგორც თავად მომხმარებლებისთვის, ასევე სახელმწიფო ორგანოებისთვის. პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით, პირადი მიზნებით ფიზიკური პირების სოციალურ ქსელებში აქტივობა შეზღუდული არ არის. შესაბამისად, ისინი არ ექვემდებარებიან პასუხისმგებლობას სხვისი პერსონალური მონაცემების ნებართვის გარეშე გამჟღავნების გამო.

 

როგორ დავიცვათ თავი კიბერბულინგისაგან?

რეკომენდაციები ბავშვებისთვის

  • დაიცავით თქვენი ელექტრონული მოწყობილობები როგორც ფიზიკურად, ისე პაროლით, რათა სხვამ ვერ შეძლოს მისი გამოყენება და თქვენი სახელით მოქმედება;
  • დააყენეთ და გამოიყენეთ, უფასო ან ფასიანი ანტივირუსული პროგრამები, პერსონალური და პორტატული კომპიუტერების ვირუსებისგან თავის დაცვისათვის (მაგალითად, bitdefender Antivirus, Symantec End-user Endpoint Security, Avast Antivirus, McAfee Endpoint Security, Avira Free Security);
  • ნურავის გაუზიარებთ პაროლს, თუნდაც თქვენს უახლოეს მეგობრებს. თუ მაინც გაუზიარებთ, დაუყონებლივ შეცვალეთ იგი;
  • გახსენით მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული ელექტრონული გზავნილები და მათი თანდართული ფაილები. არ გადახვიდეთ გაურკვეველი წარმომავლობის ბმულებზე;
  • სხვისი ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებისას, არ მონიშნოთ მომხმარებლის/პაროლის დამახსოვრების ველი;
  • გამოიყენეთ რთული, მრავალფეროვანი სიმბოლოების კომბინაციისგან შემდგარი პაროლი. მაგალითად, პაროლი უნდა შეიცავდეს ციფრებს, დიდ და პატარა ასოებს, რათა ვერ მოხდეს მისი ადვილად გამოცნობა და გატეხვა;
  • პაროლის შედგენისას არ გამოიყენოთ თქვენი სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ვინაიდან ასეთი მონაცემები ადვილად გამოსაცნობია;
  • პერიოდულად შეცვალეთ გამოყენებული პაროლი;
  • ეცადეთ არ გამოიყენოთ ერთი და იგივე პაროლი სხვადასხვა პლატფორმაზე დარეგისტრირებისას;
  • ონლაინ პლატფორმის გამოყენებამდე გაეცანით მონაცემთა დამუშავების წესებს, რომლებიც, როგორც წესი, მოცემულია კონფიდენციალობის პოლიტიკის დოკუმენტში;
  • დარწმუნდით, რომ მონიშნული გაქვთ კონფიდენციალობის სასურველი პარამეტრები;
  • სოციალურ ქსელში დაიმატეთ მხოლოდ ის პირები, ვისაც იცნობთ;
  • კარგად დაფიქრდით სურათებისა და ვიდეოების ინტერნეტში გასაჯაროებამდე;
  • ნუ გამოაქვეყნებთ სხვა ადამიანზე ინფორმაციას სოციალურ ქსელში, თუ ის ამაზე თანახმა არაა ან არ იცის ამის შესახებ;
  • გაეცანით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება არასასურველი შინაარსის მქონე ტექსტის, ფოტოს ვიდეოს წაშლის მოთხოვნა, ასევე, მჩაგვრელის დაბლოკვა და დარეპორტება.

ამასთან, სოციალური ქსელების უმრავლესობას აქვს ფუნქცია:

  • თავად გადაწყვიტოთ, თუ ვის ექნება თქვენი გვერდისა და იქ განთავსებული ინფორმაციის ნახვის უფლება;
  • მხოლოდ თქვენთვის სასურველ ადამიანებს გაუზიაროთ პოსტები, ფოტოები და ა.შ.;
  • ფოტოზე მონიშვნამდე მოითხოვოთ ნებართვა;
  • დაბლოკოთ არასასურველი პირი ან ამოშალოთ მეგობრებიდან;
  • მოითხოვოთ არასასურველი პოსტის, კომენტარის აღება;
  • მოითხოვოთ მჩაგვრელის დაბლოკვა და დარეპორტება.

 

რეკომენდაციები მშობლებისთვის:

  • აკონტროლეთ არასრულწლოვნების ინტერნეტ აქტივობები;
  • არასრულწლოვნის სოციალურ ქსელში დარეგისტრირებამდე ან აპლიკაციის გამოყენებამდე გაეცანით მისი კონფიდენციალობის პირობებს;
  • შეამოწმეთ მათი მონაცემების უსაფრთხოების პირველადი პარამეტრები და დააყენეთ ისინი სასურველ დონეზე;
  • მიეცით რჩევები მათი უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ და განუმარტეთ ინტერნეტში მათ შესახებ ინფორმაციის განთავსების საფრთხეები;
  • გააფრთხილეთ ბავშვები, არ გაუზიარონ პაროლი მესამე პირებს, (მათ შორის, არც ახლო მეგობრებს), წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუყონებლივ შეცვალონ იგი;
  • სხვისი ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებისას არ მონიშნონ მომხმარებლის/პაროლის დამახსოვრების ველი;
  • სპეციალური პროგრამების გამოყენებით შესაძლებელია ელექტრონულ მოწყობილობებზე ბავშვებს დაუწესოთ ძირითადი ციფრული წესები, გაუწიოთ მეგზურობა სასარგებლო კონტენტისკენ, თვალი ადევნოთ მის ეკრანთან გატარებულ დროსა და დაუწესოთ (აპლიკაციების გამოყენების, ვებგვერდებზე წვდომის და ინტერნეტ სივრცეში აქტივობების) შეზღუდვები. მაგალითად: Android-ის სისტემის ელექტრონული მოწყობილობებისათვის Google Family Link და Google parental control,  IOS-ის სისტემის ელექტრონული მოწყობილობებისათვის Guided Access და Parental Control, Windows-ის სისტემის ელექტრონული მოწყობილობებისათვის:  Windows 10 Family, Qustodio, Norton Family Premier

კიდევ რა შეგიძლიათ გააკეთოთ?

სოციალურ ქსელებსა და სხვა ონლაინ პლატფორმებს, როგორც წესი, აქვთ წინასწარ განსაზღვრული წესები და სტანდარტები, რომელთა დარღვევის შემთხვევაში, შეგიძლიათ შეატყობინოთ ვებგვერდის ადმინისტრაციას ან აპლიკაციის შემქმნელებს და მოითხოვოთ კონკრეტული მომხმარებლის ან არასასურველი გაზიარებული ინფორმაციის (ფოტოს, ვიდეოს, ტექსტის) დაბლოკვა ან წაშლა.

კიბერბულინგისა და სხვა ძალადობის შემცველი ქმედების საწინააღმდეგოდ მისაღები შესაძლო ზომების შესახებ ინფორმაციას შესაბამისი სოციალური ქსელის/აპლიკაციის მოხმარების წესებში შეგიძლიათ გაეცნოთ.

კომენტარები