საერთო მაჟორიტარები

მელია: შესაძლოა, ოპოზიციას ზოგიერთ ოლქში არა ერთი, არამედ რამდენიმე კანდიდატიც ჰყავდეს

ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ოპოზიციის ერთობა, მაქსიმალურად ყველა საკითხის გარშემო იყოს. მისივე თქმით, შესაძლოა გარკვეულ ოლქებში ოპოზიციურ პარტიებს თავიანთი კანდიდატები ჰყავდეთ, ცალკეულ ადგილებზე კი ერთიანი.

"ბუნებრივია, შესაძლებელია, ცალკეულ ოლქებში საერთო შეთანხმების საფუძველზე, ჩვენი ინტერესი იყოს რომ ოპოზიციას ჰყავდეს არა ერთი კანდიდატი, არამედ რამდენიმე, რომ ამით გონივრულად დავუპირისპირდეთ ოლიგარქს. არის ოლქები, სადაც ცალსახად საერთო კანდიდატი უნდა იყოს",- ამბობს მელია.

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა გადაწყვეტილებას სხვა პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიცია აპირებს, რომ საერთო მაჟორიტარულს კანდიდატებზე შეთანხმდნენ. 

ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, ოპოზიციური პარტიები საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე პირველივე ტურში შეთანხმდენენ. სერგი კაპანაძის თქმით, ამოცანა ივანიშვილის პირველივე ტურში დამარცხება უნდა იყოს. 

"შეიძლება იყოს თანამშრომლობა, კანდიდატების არდაყენება, ეს შეიძლება იყოს საერთო კანდიდატებზე შეთანხმება, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს პირველ ტურში ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. ახლა მეორე ტურზე საუბარი, მაშინ როდესაც ოპოზიციაში დიდი პროცესები არის დაწყებული არ მგონია რომ იყოს სწორი", - ამბობს კაპანაძე.

8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 პრინციპით უნდა ჩატარდეს. 

ოპოზიცია ამბობს, რომ თუ შეთანხმების მეორე, პოლიტიკური დევნის ნაწილი არ შესრულდება, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. 8 მარტის შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია, პოლიტპატიმრების საკითხი, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა, თუმცა ამ დრომდე პატიმრობაში რჩება გიორგი რურუა.

კომენტარები