არნოლდ შვარცნეგერი

არნოლდ შვარცნეგერი: ამერიკა, რომელიც მიყვარს, უკეთესი უნდა იყოს

ოთო ჯანგავაძე
0 კომენტარი

კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა, მძაფრსიუჟეტიანი ჟანრის ლეგენდამ არნოლდ შვარცნეგერმა გამომცემლობაში The Atlantic სტატია გამოაქვეყნა, რომლითაც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას და საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

ამერიკა, რომელიც მიყვარს, უკეთესი უნდა იყოს

"ამერიკაში 1968 წელს გადმოვსახლდი. ამ ქვეყანაში ცხოვრებაზე ჯერ კიდევ დაწყებით სკოლაში ვოცნებობდი, როდესაც აშშ-ის ფოტოები ვნახე. ჩემთვის ცათამბჯენების, დიდი ხიდებისა და ჰოლივუდის ფოტოები ულიმიტო შესაძლებლობების ქვეყანასთან ასოცირდებოდა. მე გადავწყვიტე, რომ ჩემი ადგილი სწორედ ამ ქვეყანაშია.

მაშინ ამერიკა კოსმოსური პროგრამის რბოლაში მონაწილეობდა, 1968 წელს მამაცმა ასტრონავტებმა რბოლაში გაიმარჯვეს. "აპოლო 8"-ის ეკიპაჟმა დაამტკიცა რომ აშშ მართლაც უსაზღვრო შესაძლებლობების ქვეყანაა. მაგრამ, იმავე 1968 წელს აღმოვაჩინე, რომ ჩემი ოცნების ქვეყანა იდეალური არ იყო. მეტსაც გეტყვით, ახლოსაც არ იყო იდეალურთან. ქუჩებში ახალგაზრდები ვიეტნამის ომს, რასისტულ კანონებს და ქალთა უფლებებს აპროტესტებდნენ. შეშლილი რასისტი, პრეზიდენტობის კანდიდატი ჯორჯ უოლასი სეგრეგაციის კანონებს ამართლებდა. იმედისმომცემი ორი უდიდესი ადამიანი - მარტინ ლუთერ კინგი და ჯონ კენედი კი ბოროტი მკვლელების ტყვიებმა დაადუმა. 

გასულმა მძიმე დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამერიკა იდეალური არ არის. ახლაც მჯერა, რომ სამყაროში საუკეთესო ქვეყანა ვართ, მაგრამ ყოველდღიურად სარკეში ჩახედვა, საკუთარ დემონებთან შეხვედრა და მათი დამარცხება აუცილებელია. ქუჩაში გამოსულ ადამიანებს არ სძულთ ამერიკა. ისინი ითხოვენ უკეთეს ამერიკას. ისინი იბრძვიან იმ ამერიკელებისთვის, ვინც სამუდამოდ დაადუმეს: აჰმუდ არბერი, ბრეონა ტეილორი, ჯორჯ ფლოიდი და მრავალი სხვა.

ჯორჯ ფლოიდის ვიდეოს ყურებისას ერიკ გარნერი გამახსენდა, კიდევ ერთი მსხვერპლი, რომელიც პოლიციამ დაახრჩო. მას ბრალი სიგარეტის უკანონო გაყიდვაში ედებოდა. არცერთი მათგანი საშიში კრიმინალი არ ყოფილა. და ეს ინციდენტები იმაზე ხშირად ხდება, ვიდრე უნდა ხდებოდეს. ეს უნდა შეწყდეს. ეს ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ. ეს მოითხოვს პოლიციელების უკეთ გაწრთვნას. კარგმა პოლიციელებმა უნდა მოითხოვონ ცვლილებები. ეს უნდა დასრულდეს. ეს არ არის პროტესტი პოლიციელების წინააღმდეგ. ეს არის პროტესტი ძირგამომპალი სისტემის წინააღმდეგ. მამაჩემი პოლიციელი იყო, პოლიციელებისადმი სიმპატიით ვარ განწყობილი, მაგრამ ფაქტია სისტემაში რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. 

დღეს ეროლ საუთერსმა, რომელიც ჩემი მეგობარი და კალიფორნიის გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელია ასეთი რამ დაწერა: "დღემდე შფოთვით ვიღებ ყურმილს, როდესაც საღამოს ვინმე მოულოდნელად მირეკავს, მიჩნდება შიში, რომ ჩემი შვილი, ძმა ან ნათესავი მორიგი ჰეშთეგი გახდა." დაფიქრდით მის სიტყვებზე. ეროლ საუთერსი პროფესორი, FBI-ს ყოფილი აგენტი, ყველამხრივ პატივცემული და დაფასებული ადამიანია, მიუხედავად ამისა საკუთარი კანის ფერის გამო ღამის ზარების ეშინია. ეშინია იმის რომ მისი შვილი ან ძმა მორიგი საპროტესტო მსვლელობის მიზეზი გახდება. მსგავს გამოცდილებაზე ფიქრიც კი მზარავს. თუკი ჩემი შვილები სახლში გვიანობამდე არ ჩანან ვფიქრობ რომ წვეულებაზე შემორჩნენ. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი იმ რეალობაში ცხოვრობს, რომელშიც სახლში დაგვიანება პატიმრობასთან ან სიკვდილთან ასოცირდება. ეს ყველაფერი არასწორი და უსამართლოა, სწორედ ამიტომ არის ხალხი გამოსული ქუჩაში.

ვალდებულნი ვართ მოვუსმინოთ. თვალს ვეღარ დავხუჭავთ უსამართლობაზე, რომელიც ამ ქვეყანაში ხდება. ვერავინ იტყვის რომ გარეუბნებში მცხოვრები შავკანიანი ბავშვები იგივე განათლებას იღებენ, როგორსაც პრესტიჟულ რაიონებში მაცხოვრებლები. ვერავინ იტყვის რომ სასჯელაღსრულების სისტემა რასისტული სტერეოტიპებით არ მოქმედებს. მკვლელობების შემხედვარე მხოლოდ უგულო ადამიანს არ გაუჩნდება სევდის, ბრაზის და დანაშაულის გრძნობა. მარტივია ყურადღება დამწვარ და დანგრეულ შენობებზე გადაიტანო და საირთოდ დაივიწყო პროტესტის მიზანი. დამიჯერეთ, არეულობა არავისზე ნაკლებად მძულს, ძალადობა და კრიმინალი უნდა შეწყდეს. განადგურებულ ბიზნესსა და დამწვარ მანქანებს კარგი არაფერი მოუტანია. ვანდალებს მნიშვნელოვანი თემიდან ყურადღება გადააქვთ და საერთო საქმეს აზიანებენ. გაუსწორო თვალი საკუთარ ანარეკლს რთული საქმეა. პატრიოტ ამერიკელებს გვწამს რომ ჩვენი ქვეყანა შორს არის რასიზმისგან. მაგრამ ეს ტყუილია. პრობლემა არ არის პოლიტიკური, პრობლემა პატრიოტულია. თომას ჯეფერსონმა სთქვა - "ყველა ადამიანია თანასწორია", მაშინ ჩვენი ქვეყანა ამ დევიზს უარჰყოფდა, ეს მხოლოდ დაპირება იყო. ჯეფერსონის შემდეგ არაერთი თაობა გაიზარდა, რომელიც უფრო და უფრო გვაახლოვებს ამ დანაპირების შესრულებასთან.

"როდესაც სახლს აშენებ, როგორც წესი არქიტექტორი გჭირდება, რომელიც ნახაზს მოგცემს. ნახაზი არის გზა, მითითება, თუ როგორ უნდა ააშენო სახლი. კარგ სახლს სოლიდური, გათვლილი ნახაზის გარეშე ვერ ააშენებ." - ასე მიმართა მარტინ ლუთერ კინგმა სტუდენტებს, 1967 წელს. ჩვენ სწორი და სოლიდური ნახაზი გვინდა, რომლითაც ამ ქვეყანას ავაშენებთ.

პატრიოტიზმი დროშის ბრმად სიყვარულს არ ნიშნავს. პატრიოტიზმი არის იმ ქვეყნის მშენებლობა, რომელშიც ნებისმიერ ამერიკელს თანაბარი შესაძლებლობები ექნება. მე ის უსაზღვრო შესაძლებლობები მინდა, რომლებმაც აქ 1968 წელს ჩამომიყვანა. შესაძლებლობები ყველასთვის, კანის ფერის მიუხედავად. ჩვენ მეტი შეგვიძლია. უნდა ვისწავლოთ მოსმენა, უნდა ჩავიხედოთ სარკეში და დავრწმუნდეთ რომ იდეალური არავინ არის. ერთმანეთში ამერიკელები უნდა დავინახოთ და არა მტრები. 

მე მზად ვარ ვიმუშაო იმისთვის, რომ ამერიკა უკეთესი ქვეყანა იყოს. და შენ მზად ხარ?"

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები