აშშ-ირანის ურთიერთობები

ირანის საგარეო უწყება მოუწოდებს აშშ-ს, შეწყვიტოს ძალადობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. 

ირანის საგარეო უწყება აშშ-ს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. "მსოფლიომ გაიგონა ამერიკელი ხალხის მრისხანე პროტესტი ჩაგვრის წინააღმდეგ. მსოფლიო თქვენ გვერდით დგას", — განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, აბას მოუსავიმ. 

საგარეო უწყებაში, ასევე, განაცხადეს, რომ აშშ უკვე დიდი ხანია, ავრცელებს ძალადობას, როგორც მის ტერიტორიაზე, ასევე, მთელ მსოფლიოში. 

"მოვუწოდებთ აშშ-ის თანამდებობის პირებს და პოლიციას, შეწყვიტეთ ძალადობა საკუთარი ხალხის მიმართ და მიეცით მათ სუნთქვის საშუალება. ძალიან ვწუხვართ, რომ ვხედავთ, როგორ უსწორდებიან უკიდურესი სისასტიკით ამერიკელებს, რომლებიც პატივისცემასა და ძალადობის შეწყვეტას მოითხოვენ.", — თქვა აბას მოუსავიმ. 

მშვიდობიანი აქციები, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს მოჰყვა, ზოგ ქალაქში ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა - დემონსტრანტებმა ავტომობილები, შენობები გადაწვეს. სპეცრაზმმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

30 მაისს მინეაპოლისში ყოფილ პოლიციელს, დერეკ შოვინს, 46 წლის აფროამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობისთვის წარუდგინეს.

ფლოიდის ოჯახმა და ადვოკატმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას მიესალმებიან, თუმცა ის დაგვიანებულია. ოჯახი პოლიციელისთვის პირველი ხარისხის მკვლელობისთვის ბრალის წარდგენას და შემთხვევაში მონაწილე დანარჩენი სამი პოლიციელის დაკავებას ითხოვს. 

ჯორჯ ფლოიდს ყალბი ფულის გამოყენების გამო აკავებდნენ. პოლიციამ განაცხადა, რომ მან დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა სცადა და სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დაკავების პირველი წუთები არ ჩანს, თუმცა ასახულია, როგორ წევს მიწაზე დაკავებული. მას ხელბორკილები ადევს, თუმცა, ამის მიუხედავად, პოლიციელი მუხლით კისერზე აწვება. ისმის კაცის ხმა "ვერ ვსუნთქავ, არ მომკლათ".

კომენტარები