შსს

შსს: ქუთაისში პოლიციელებზე ძალადობისა და წინააღმდეგობის გაწევისთვის კაცი დავაკავეთ

რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1999 წელს დაბადებული, ქურდობისთვის ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ჯ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, მას ბრალი ედება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით პოლიციელებზე ძალადობასა და წინააღმდეგობის გაწევაში.

შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 მაისს, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები კომენდანტის საათის დროს შემოვლაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ ნიკეას ქუჩაზე მდებარე ერთერთ საცხოვრებელ კორპუსთან, ამავე კორპუსში მცხოვრები მ.ჯ. შენიშნეს, რომელიც კომენდანტის საათს არღვევდა. პოლიციის თანამშრომლებმა იგი გააფრთხილეს და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, რასაც მოქალაქე არ დაემორჩილა და სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტში ჩაერთნენ მ.ჯ.-ს ოჯახის წევრები და მეზობლები, რომელთა დახმარებით ბრალდებულმა მიმალვა მოახერხა.

მომხდარის შედეგად, პოლიციელებმა სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები