ფასიანი პოლიტიკური რეკლამა

გია ჟორჟოლიანი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის გაუქმებას ითხოვს

გია ჟორჟოლიანი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის გაუქმებას ითხოვს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მან პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა.

დეპუტატი ამბობს, რომ ამ ცვლილების მიზანია, ყველა პოლიტიკურ პარტიას თავის დღის წესრიგზე საუბრის თანაბარი საშუალება ჰქონდეს და ზოგიერთი პარტია, რომელსაც მეტი ფინანსური შესაძლებლობა აქვს, პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს.

"ჩვენი, სოციალ-დემოკრატების საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს, არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს, ყველა პარტიას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, მედიით წარადგინეს თავისი შეხედულებები ამომრჩევლის წინაშე და ამომრჩევლებს მიეცეთ საშუალება, არჩევანი თავიანთი შეხედულებების მიხედვით გააკეთონ და არა ამ ორი პარტიის [ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის] კინკლაობის საფუძველზე გადაწყვიტოს, რომელიც უარესია.

ჩვენი მიზანია, წინასაარჩევნო პერიოდში, სატელევიზიო ეთერით პოლიტიკური პარტიების თანასწორ მდგომარეობაში ჩაყენება, საარჩევნო კამპანიის წარმართვის კუთხით. კანონპროექტის მიზანია ფასიანი პოლიტიკური რეკლამის გაუქმება და არჩევნებზე ყველა პოლიტიკური პარტიისთვის თანაბარი საეთერო დროის გამოყოფა. ეს ხელს შეუწყობს არჩევნების კონკურენტულ და თანაბარ პირობებში წარმართვას", - თქვა მან ბრიფინგზე.

ინიციატივა ბიურომ 1-ლ ივნისს განიხილა და დასაშვებად ცნო. საკომიტეტო მოსმენები 5 ივნისიდან იწყება, კანონპროექტის მიღების საბოლოო ვადა 18 სექტემბერია.

კომენტარები