თურქეთი

თურქეთში სამედიცინო მომსახურების მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს ვიზა აღარ დასჭირდებათ

თურქეთში სამედიცინო მომსახურების მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს ვიზა აღარ დასჭირდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ინფორმაციით, პაციენტთან ერთად დაიშვება მხოლოდ 2 თანმხლები პირი.

გუშინ, 2 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში სამედიცინო მომსახურების მიზნით ვიტიტისას სამკურნალო ვიზა დასჭირდებოდათ, თუმცა დღეისთვის ეს გადაწყვეტილება უკვე გაუქმებულია.

გთავაზობთ საელჩოს განცხადებას სრულად:

"თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ გადახედა მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად მიზნობრივი ვიზის აღების ვალდებულებასთან დაკავშირებით და გვაცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეებსა და თანმხლებ პირებს მკურნალობის მიზნით თურქეთში შემოსასვლელად აღარ ესაჭიროებათ მიზნობრივი (სამკურნალო) ვიზის აღება. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, გუშინ, შედგა საქართველოს საელჩოს კომუნიკაცია თურქეთის შესაბამის უწყებებთან და საქართველოში თურქეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოსთან გრძელდება უვიზო რეჟიმი და უკვე მოქმედი რეგულაციები:

-პირველ რიგში, პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა უნდა მიმართოს თურქეთის შესაბამის კლინიკას, სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით თანხმობის მიღების მიზნით;

-პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა შესაბამის თურქულ კლინიკასთან ერთად უნდა გაიაროს რეგისტრაცია თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს -“USHAŞ” მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე: https://covid19st.ushas.com.tr/ და ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია;

-ნებართვის მიღების შემდეგ, პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა შესაბამის კლინიკასთან ერთად უნდა დაგეგმოს ტრანსპორტირების საკითხი"

კომენტარები