გიორგი რურუას საქმე

საძაგლიშვილი: ექსპერტმა თქვა, რომ რურუას საქმეში არსებული იარაღიდან დნმ-ის ნიმუში არ აუღია

დიმიტრი საძაგლიშვილი, ადვოკატი
ტაბულა

მთავარი არხის მეწილეს, გიორგი რურუას, ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ 3 ივნისს რურუას სასამართლო პროცესზე ექსპერტმა დაადასტურა, რომ მას იარაღიდან დნმ-ის ნიმუში არ აუღია. 

"ექსპერტმა დაადასტურა, რომ მას არ აუღია იარაღიდან დნმ-ის ნიმუში, მას შესამოწმებლად მიუვიდა მხოლოდ ბამბის ჩხირები", - ამბობს საძაგლიშვილი. 

ადვოკატის თქმით, სხდომაზე ასევე დაიკითხა მეორე ექსპერტი, რომელმაც თქვა, რომ მისთვის წარდგენილ იარაღზე არ აღინიშნებოდა გარემოება, რაც შეიძლებოდა, ხელის შემშლელი ყოფილიყო ხელის კვალის გადასვლაში ცეცხლსასროლ იარაღზე. 

"გიორგი რურუას რომ 18 ნოემბერს ეს იარაღი ჰქონოდა, ამ იარაღზე იქნებოდა მისი ხელის ანაბეჭდები", - ამბობს საძაგლიშვილი. 

პროკურორის, ვასილ სამხარაძის, თქმით კი, პირადი ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღის დნმ-ის კვალი გიორგი რურუას დნმ-ის კვალს ემთხვევა. 

"ასევე დაკითხული იქნა გამომძიებელი, რომელმაც განმარტა ის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კვალი არ იქნა ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღიდან და ექსპერტმა განმარტა, რომ მაინცდამაინც ხელი მოკიდო იარაღს და აუცილებელი არ არის, რომ მოცემული იარაღიდან თითის ანაბეჭდი", - თქვა პროკურორმა. 

გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და ტარების ბრალდებით 18 ნოემბერს დააკავეს - იმ დროს, როდესაც პარალელურად პარლამენტის შენობასთან ოპოზიციური პარტიებისა და მოძრაობა სირცხვილიას აქციები იმართებოდა. 

რურუას ოჯახის წევრები მის დაკავებას მთავარი არხის მეწილეობასთან ერთად მოძრაობა სირცხვილია აქციების დაფინანსებასაც უკავშირებენ. 

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები რურუას პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ და დაჟინებით მოუწოდებენ ხელისუფლებას, 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლონ პატიმრობიდან. 

კომენტარები