8 მარტის შეთანხმება

ბოკერია რურუაზე: მთავარი პრინციპი ხელისუფლების ანგარიშვალდებულება და სიტყვის შესრულებაა

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს გადაწყვეტილება უცვლელია - პარტია არ დაუჭერს მხარს საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტს იმ შემთხვევაში, თუ იქამდე მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა არ გათავისუფლდება. 

ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ფორმულას ეთერში ისაუბრა. 

"შეთანხმება ან სრულად სრულდება, ან არ სრულდება ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ გვსურს, რომ შეთანხმება შესრულდეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე", - ამბობს ბოკერია.

დეპუტატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარია და მას იარაღი იმის გამო ჩაუდეს, რომ პოლიტიკურად და საზოგადოებრივად აქტიური იყო, ეს არ არის მთავარი საკითხი. მისი განმარტებით, მთავარი პრინციპი არის ხელისუფლების ანგარიშვალდებულება. 

"მთავარი პრინციპი არის ხელისუფლების, ამ შემთხვევაში ხელისუფალის ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე დადებული სიტყვის შესრულების პრინციპი, რომელიც საბოლოო ჯამში მიდის დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპამდე, რომ ხელისუფლებაში თუ ხარ, ანგარიშვალდებული ხარ საზოგადოების წინაშე და სიტყვას რომ იტყვი, კონტრაქტს დადებ, უნდა შესრულდეს", - თქვა გიგა ბოკერიამ. 

დეპუტატის განმარტებით, მისი გუნდის ამ გადაწყვეტილებას პრაგმატული ნაწილიც აქვს, ვინაიდან თუკი ახლა ეს გაუვა, ბიძინა ივანიშვილი მომავალშიც ჩათვლის, რომ საზოგადოებასთან ასე მოქცევა შეუძლია. 

"აი, რომ შეგითანხმდები და მერე გადაგაგდებ და შენ მაინც ხათრში უნდა იყო, რომ შეასრულო, ეს არის წახალისება ძალიან ცუდი საქციელის ამ ძალიან სარისკო წინასაარჩევნო პერიოდში. 

ამიტომაა ჩვენთვის პრინციპული საკითხი, რომ შეთანხმება უნდა შესრულდეს მთლიანად, თუ არა, ჩვენ ვიქნებით ბოიკოტის რეჟიმში", - ამბობს ბოკერია. 

8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, შეთანხმება შედგა. შეთანხმების ერთი ნაწილი საარჩევნო სისტემის ცვლილებას მოიცავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მეორე ნაწილი კი პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას. 

მთავარი პოლიტპატიმრები, რომლებსაც შეთანხმების ფასილიტატორები ასახელებდნენ სწორედ გიორგი რურუა, ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იყვნენ. 

ქართული ოცნების მხრიდან პოლიტპატიმრების არსებობის უარყოფისა და საერთაშორისო საზოგადოების დაჟინებული მოწოდებების ფონზე 15 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა. რურუას საქმეზე კი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუტანია და ის ჯერჯერობით პატიმრობაში რჩება. 

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამბობენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ შეთანხმება ორნაწილიანია, რურუას გათავისუფლების გარეშე საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარს არ დაუჭერენ. 

კომენტარები