არჩევნები 2020

ბოკერია: უპასუხისმგებლობა იქნებოდა, გავრისკოთ მეორე ტური, როცა შანსი გვაქვს პირველ ტურში

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 30 მაჟორიტარულ ოლქში საკვანძო ადგილებზე ოპოზიციური პარტიების კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

ბოკერიას თქმით, ევროპული საქართველოს პოზიცია ამ საკითხში მყარია და ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს საკვანძო ადგილებში ოპოზიციურ სუბიექტებს შორის კოორდინაცია. 

"ეს საჭიროა იმისთვის, რომ ის კომპრომისის ფარგლებში, რაც ჩვენ მივიღეთ, რომელიც არ არის სრულად პროპორციული, 30 მაჟორიტარულ ოლქშიც მეტნაკლებად პროპორციული ვითარება მივიღოთ. ოღონდ კვოტებით კი არა, დე-ფაქტო შედეგებით. 

ივანიშვილის დამარცხების შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ვერცერთი პარტია ხელისუფლებაში ივანიშვილივით ვერ მოდის. ვერც ორი", - თქვა ბოკერიამ ფორმულას ეთერში. 

დეპუტატის განმარტებით, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციამ ნაკლები რისკებით დაამარცხოს. 

"ამასთან ერთად, სწორედ ამ რისკების გათვალისწინებით, ჩვენ გვჭირდება დიდი უპირატესობით გამარჯვება. პირველ ტურში გამარჯვება თბილისსა და სხვა ურბანულ ცენტრებში არის იმ ტიპის გზავნილი, რომელიც შეგვიმცირებს ნებისმიერ რისკს ამ ისტერიულ მდგომარეობაში მყოფი ხელისუფლების პირობებში", - ამბობს ბოკერია. 

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, საერთო კანდიდატების შერჩევა უნდა დაეფუძნოს იმ პრინციპს, თუ რომელი კანდიდატებს აქვთ შანსი, დიდი უპირატესობით მოიგონ. ამასთან, ბოკერიას განმარტებით, არის მეორე საკითხიც, რომ არცერთმა პარტიამ, მათ შორის არც ევროპულმა საქართველომაც და ნაციონალურმა მოძრაობამაც არ უნდა დაიწყონ იმის მცდელობა, რომ თავად იყვნენ აბსოლუტურ უმრავლესობაში. 

"რაც შეეხება იმას, რატომ გაჩნდა კითხვის ნიშანი, რამდენიმე განცხადება გაკეთდა ბოლო დღეებში, რაც სრულიად უპირისპირდებოდა ამ სულისკვეთებას. ვგულისხმობ აქცენტის გადატანას მეორე ტურებზე და ეს განცხადებები გაკეთდა იმ პირებისგან, რომლებიც იყვნენ აფელირებულები ძალა ერთობაშიასთან", - თქვა ბოკერიამ. 

კითხვაზე, რატომ არის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ კოორდინაცია სწორედ პირველ ტურში მოხდეს და არა - მეორეში, ბოკერია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს იხსენებს, რომლის დროსაც ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, წინ დარჩენილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, ევროპული საქართველოს მხარდაჭერის მიუხედავად, არჩევნები წააგო. 

"მე არ ვამბობ, რომ 2018 წელი აუცილებლად განმეორდება, მე იმედი მაქვს და ამაზე ვმუშაობ, რომ ყველა ვარიანტში დამარცხდეს ივანიშვილი იმიტომ, რომ ეს არის ეროვნული ამოცანა, რომ ეს კაცი, რომელიც საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის, მშვიდობიანად ჩამოვიცილოთ, მაგრამ როგორი უპასუხისმგებლობა იქნებოდა ყველა ჩვენგანის მხრიდან, რომ როცა შანსი გვაქვს პირველ ტურში მკაფიო შედეგის ჩვენების, გავრისკოთ მეორე ტური", - ამბობს ბოკერია. 

დეპუტატის განმარტებით, მეორე ტურის წინ იზრდება "ნევროზულობა" და იზრდება რისკები იმის, თუ რას იზამს ხელისუფლება, რომელსაც უადვილდება პროპაგანდა. 

"იმედი მაქვს, რომ გაიზიარებენ [სხვა ოპოზიციური პარტიები ამას], დიდი უპასუხისმგებლობა იქნება, ეს რომ არ მოხდეს... ეს განცხადებები იყო არასასარგებლო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დარჩება განცხადებებად", - თქვა გიგა ბოკერიამ. 

კომენტარები