ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა

აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილე 3 ყოფილ პოლიციელს ბრალი წარუდგინეს

აშშ-ში, ქალაქ მინეაპოლისში, ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილე 3 ყოფილ პოლიციელს ბრალი წარუდგინეს. მათ მეორე ხარისხის მკვლელობის წაქეზებას და ხელშეწყობას ედავებიან.

გარდა ამისა, მეორე ხარისხის მკვლელობისთვის ბრალი წარედგინა დერეკ შოვინს, რომელიც 46 წლის აფროამერიკელ კაცს დაკავებისას ყელზე მუხლით აწვებოდა. ის აქამდე მესამე ხარისხის მკვლელობაში იყო ბრალდებული. გარდაცვლილის ოჯახი მისთვის ბრალის წარდგენას პირველი ხარისხის მკვლელობისთვის ითხოვს. 

მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდს ყალბი ფულის გამოყენების გამო აკავებდნენ. პოლიციის ინფორმაციით, მან დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა სცადა და სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. 

სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში ჯორჯ ფლოიდის დაკავების პირველი წუთები არ ჩანს, თუმცა ჩანს, როგორ წევს ის მიწაზე, პოლიციელი კი ყელზე მუხლით აწვება. ფლოიდი იმეორებდა, რომ ვერ სუნთქავდა. 

კაცის გარდაცვალებას აშშ-ში საპროტესტო აქციები მოჰყვა, მოგვიანებით კი არეულობაში გადაიზარდა. აქციები დღემდე გრძელდება. 15 შტატში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული, 40-მდე ქალაქში კი კომენდანტის საათია გამოცხადებული, რომლის გახანგრძლივებაც 8 ივნისამდე სურთ. აქციებს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც.  

"ეს ავაზაკები შეურაცხყოფას აყენებენ ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას და მე ამას არ დავუშვებ. ახლახან ვესაუბრე გუბერნატორ ტიმ უოლტსს და ვუთხარი მას, რომ სამხედროები მასთან არიან და გზაში არიან. თუ რაიმე გართულება იქნება, კონტროლს დავამყარებთ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ძარცვა და სროლა დაიწყება. გმადლობთ!" - წერს ის ტვიტერზე.

კომენტარები