Coda წერილი

როგორ პოსტპანდემიურ რუსეთს აშენებს პუტინი - Coda წერილი

Coda წერილის ავტორი - მარიამ კიპაროიძე

სანამ ჩვენ ვვარაუდობთ, ჩვენი პრემიერი ისევ გიორგი გახარიაა თუ არა (მთავარი არხის ინფორმაციით, გახარია პოსტს დატოვებს, მაგრამ ქართული ოცნება არ ადასტურებს ინფორმაციას), მსოფლიოში ყველა თვალი და ყური ამერიკაში აფეთქებული პროტესტებისკენაა მიმართული.

ამიტომ, ყურადღების მიღმა რჩება სხვადასხვა ქვეყანაში  ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი, რომლებიც, ფაქტობრივად, პოსტპანდემიურ მსოფლიოს აყალიბებს.

როგორ პოსტპანდემიურ რუსეთს აშენებს პუტინი:

რუსეთში მომავალი რეფერენდუმის ირგვლივ ინფორმაციული ხმაური დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ყოველდღე ათასობით ახალი ინფიცირების შემთხვევა დასტურდება, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ქვეყანამ პიკი გადალახა.  ხალხს უფლება უკვე აქვს, სახლიდან მოშორებით ისეირნოს ქუჩაში და ასევე სამშაბათს ახალი ამბავი გახდა ცნობილი:

რამდენიმე კვირაში, პირველ ივლისს, კონსტიტუციურ რეფერენდუმში რუსეთის ხალხს მონაწილეობა შეეძლება.

სამშაბათსვე რუსეთის  სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ გამოაქვეყნა ეს საოცარი ვიდეო:

რუსეთი 2035 წელს. ობოლთა თავშესაფრიდან პატარა ბიჭი შვილად აიყვანეს. ბიჭთან მამა მოდის და მზრუნველი სახით მიჰყავს თავშესაფრიდან. მათ ორი თანამშრომელი ღიმილით აცილებს.

“დედა სად არის?”  - კითხულობს ბავშვი, გარეთ გამოსვლისას, -  “აი, იქ,” ეუბნება მამა და უჩვენებს მეორე, მაკიაჟიან მამაკაცზე, რომელიც ასევე მზრუნველი სახით მანქანასთან დგას და ხელს უქნევს მათ. 

ბავშვი შეშინებულია და სახე ეცვლება მოწყენისგან, თავშესაფრის თანამშრომელ ქალებს სახიდან ღიმილი უქრებათ. დედად წოდებული კაცი ბიჭს ესალმება და მანქანიდან საჩუქარს იღებს — შინდისფერ კაბას

სანამ მოწყენილი ბავშვი ახალ მშობლებთან მანქანაში ჯდება, ვიდეოს ნარატორი ამბობს: “ასეთ რუსეთს აირჩევ? გადაწყვიტე ქვეყნის მომავალი, ხმა მიეცი საკონსტიტუციო ცვლილებას.”

რას ნიშნავს ეს:

პუტინს რეფერენდუმის ჩასატარებლად ხალხი სჭირდება. კონსტიტუციურ ცვლილებაში ერთ-ერთი კანონი ერთსქესიანთა ქორწინების ცვლილებასაც ეხება. 

პოლიტიკური ექსპერტები ფიქრობენ, რომ პუტინი ამ კანონით აიძულებს ხალხს, გარეთ გავიდეს ხმის მისაცემად, მაგრამ რეფერენდუმის მთავარი მნიშვნელობა პუტინისთვის შემდეგია: საკონსტიტუციო ცვლილება მას საშუალებას მისცემს, თავისი საპრეზიდენტო ვადა 2036 წლამდე გაზარდოს. 

ფართო სურათი:

ლევადას კვლევითი ცენტრის აპრილის მონაცემებით, რუსეთის მოსახლეობის 30%-ს ჰომოსექსუალი ადამიანების საზოგადოებისაგან “იზოლაცია” სურს. და სწორედ ამ სენტიმენტს პუტინი უკვე წლებია წარმატებით იყენებს მმართველობის შესანარჩუნებლად. 

კანონში ლგბტქ საზოგადოების უფლებების შემზღუდავი ელემენტები პუტინმა წარსულში წარმატებით გამოსცადა თავისი პოლიტიკური იმიჯის გასამყარებლად.

მაგრამ, როგორც თითქმის ყოველთვის, სენტიმენტებზე თამაში და ინფორმაციით მანიპულირება ადამიანებზე რეალურ გავლენას ახდენს.

რამდენიმე კვირის წინ ქოდას ჟურნალისტმა კატია პატინმა დაწერა იმაზე, თუ როგორ გაექცა რუსეთში 20-წლიან ციხეს ახალგაზრდა ქალი იმიტომ, რომ თავის Youtube გადაცემაში გეი სტუმარი ჰყავდა. 

და როგორც ხშირად ხდება, რუსეთის ნარატივები ჩვენზეც აისახება. წლებია, ვისმენთ, როგორ მანიპულირებენ კონსერვატორი და ნაციონალისტური საჯარო აქტივისტები ანტი-ლგბტქ სენტიმენტებით.

ამ კამპანიების უკან კი თითქმის ყოველთვის ანტი-დასავლური რიტორიკაა. 

გავიხსენოთ, თუნდაც ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაში შემავალი ანტი-დისკრიმინაციული კანონი, როცა გურამ ფალავანდიშვილი ამბობდა, რომ ანტი-დისკრიმინაციული კანონი ერთსქესიანთა ქორწინებას და მათთვის შვილების აყვანის უფლების მინიჭებას ნიშნავდა. ხოლო თუ კანონს არ მივიღებდით, ეს პრობლემაც გაქრებოდა. 

ან შარშან ზაფხულში ფალავანდიშვილი და ლევან ვასაძე როგორ აგროვებდნენ ხელმოწერებს, რომ ანტი-დსკრიმინაციულ კანონში პარლამენტს ორიენტაციასთან დაკავშირებულ ნაწილში ცვლილება შეეტანა.

კანონში, რეალურად, არაფერი წერია ქორწინებაზე, მხოლოდ მოქალაქის სხვადასხვა ნიშნით — მათ შორის ორიენტაციის — დისკრიმინაცია იკრძალება.

ინფოდემია და პოსტპანდემიური ეკონომიკა:

პოსტპანდემიური მსოფლიოსთვის უპირველესი გამოწვევა კორონავირუსის ეკონომიკაზე დარტყმაა. 

ეს თავსატეხი ჩვენც გვიდგას წინ, რუსეთსაც, ამერიკასაც და განსაკუთრებით ღარიბ და ომით გახლეჩილ ქვეყნებს. ამიტომ ეკონომიკაზე ინფორმაციით მანიპულირება, ან უკონტექსტოდ გაშუქება, მზარდი და საყურადღებო ტენდენციაა.
 
უკონტექსტო ინფორმაციის ნათელი მაგალითი იყო არაბთა გაერთიანებული ემირატების გაზეთის The National-ის სტატია სათაურით: “ერები იემენს კრიზისის შესამსუბუქებლად მილიონებს ჰპირდებიან:”

  • შემდეგ გამომცემლობამ სტატიას სახელი შეუცვალა, მაგრამ მასში ყურადღება ეთმობა საუდის არაბეთის $500 მილიონიან დაპირებას, რომელიც გაეროს და საუდის არაბეთის ორგანიზებით ვირტუალურად ჩატარდა იემენის დასახმარებლად
  • ტექნიკურად ეს ინფორმაცია სწორია, მაგრამ შეპირებული ციფრი ნიშნულზე მილიარდი დონალირთ ნაკლებია და რაოდენობაში განახევრებული შარშანდელთან შედარებით. 
  • ამასთან, გაეროს მიხედვით, იემენი კორონავირუსის ეპიდემიასთან, ომთან (რომელშიც ემირატების როლი დიდია) და ახლა უკვე შემცირებულ დაფინანსებასთან ერთად, საზარელი ტრაგედიის საფრთხის წინ დგას. 

ფინანსურ დახმარებას ბრაზილიელ ხალხს პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუც დაჰპირდა, მაგრამ როგორც ბრაზილიის ერთ-ერთი მთავარი გამომცემლობის გამოძიება ადასტურებს, ბოლსონარუს დაპირება არ შესრულებულა. აი, რა მოხდა:

  • მარტში, როცა კორონავირუსმა სწრაფად გავრცელება დაიწყო ბრაზილიაში ბოლსონარუმ გამოაცხადა, რომ დააფინანსებდა Bolsa Familia პროგრამას, რომელმაც ფულადი გადარიცხვებით 2000-იან წლებში მილიონობით ბრაზილიელი უკიდურესი სიღარიბისგან იხსნა.
  • Bolsa Familia, სხვადასხვა მონაცემების გათვალისწინებით, თვიურად ფულს ღარიბ ოჯახებს ურიცხავს. დაფინანსების ეს მოდელი  ბოლსონარუს გაპრეზიდენტებამდე არსებულმა მთავრობამ შემოიღო, მაგრამ ბოლსონარუ პროგრამის დაფინანსების შემცირებას ცდილობდა. კორონავირუსმა ამის საშუალება არ მისცა.
  • თუმცა, სინამდვილეში, მთავრობისგან პროგრამაში გადარიცხული დამატებითი თანხა იმაზე ნაკლებია, რაც ბოლოსნარუმ ჩამოაკლო ამ პროგრამას გასულ წელს.
  • ფინანსური დახმარება კორონავირუსის გამო ძირითადად მდიდარმა შტატებმა მიიღო. ჩრდილოეთ ბრაზილიის ყველაზე ღარიბმა მოსახლეობამ კი გასულ თვეში იმაზე ნაკლები რაოდენობის თანხა მიირო დასახმარებლად Bolsa Familia-თი, ვიდრე შარშან ამ დროს. ეს მოსახლეობა, როგორც წესი, არჩევნებში ბოლსონარუს წინააღმდეგ აძლევს ხმას. 

კომენტარები