ეკონომიკური ზრდა

"მონაცემები არაზუსტია" - თურნავა კითხვაზე, რატომაა ჩვენი მშპ-ს კლება რეგიონში ყველაზე მკვეთრი

საქართველოს მთავრობა

ტაბულას კითხვაზე, რატომაა 2020 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოს ეკონომიკური ვარდნა რეგიონში ყველაზე მაღალი, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პასუხობს, რომ "მონაცემები არაზუსტია".

მაშინ, როდესაც 2020 წლის იანვარ აპრილში აზერბაიჯანის ეკონომიკა 0.2%-ით გაიზარდა, სომხეთის 1.7%-ით შემცირდა, ხოლო საქართველოსი 3.6%-ით შემცირდა.

"მე ახლა არ ვიცი, რეგიონს ვის, რას, როგორ ადარებთ, იმიტომ, რომ სხვადასხვა პერიოდები გაქვთ, ალბათ, აღებული", - ამბობს თურნავა იმისდა მიუხედავად, რომ სამივე მონაცემი ერთი და იმავე პერიოდიდან, 2020 წლის იანვარ-აპრილიდანაა აღებული.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, "საქართველოს ეკონომიკის შემცირება არის დაახლოებით ევროპული ქვეყნების შემცირების დონეზე და ზოგადად, ევროპის ეკონომიკის მთლიანი დაცემა არის კიდევ მეტი ნავარაუდები ვიდრე საქართველოში".

აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს რეგიონში ყველაზე მეტად დაზარალდება. EBRD-მა 13 მაისს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მინუს 5.5%-მდე შეამცირა, მაშინ, როცა სომხეთის შემთხვევაში პროგნოზი მინუს 3.5%-ია, აზერბაიჯანის შემთხვევაში კი - მინუს 5%.

თურნავას თანახმად, "თუ როგორ იცვლება პროგნოზები ჩვენს ეკონომიკურ ვარდნასთან დაკავშირებით, დიდად არის სწორედ რეგიონზე დამოკიდებული".

"როდესაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გააუარესა პროგნოზი მინუს 4.5%-დან მინუს 5.5%-ზე, მთავარი ახსნა იყო ის, რომ საქართველოსი სჯერათ, რომ ძალიან სწრაფად ამოქაჩავს ეკონომიკას, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენს სამეზობლოში ჯერ COVID 19-თან დაკავშირებით არაა კეთილსაიმედო ვითარება და უფრო მძიმეა იქ პროგნოზი, აქედან გამომდინარე, დაგვიმძიმა პროგნოზი", - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

კომენტარები