რუსეთი

რუსული მედია: ილონ მასკის ხომალდში რუსული ნაწილი გამოიყენეს

Design Engineering

რუსული სახელმწიფო პროპაგანდული მედია წერს, რომ ილონ მასკმა Spacex-ის ხომალდის Dragon შექმნაში რუსული ნაწილი გამოიყენა. პუტინის მედია ამ ინფორმაციას შიდა კოსმოსური საძიებო სფეროს ექსპერტზე, ვადიმ ლუკაშევიჩზე, დაყდნობით ავრცელებს.

მან აღნიშნა, რომ კოსმოსური ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს IDA-ს გადამყვანით დაუკავშირდა.

ლუკაშევიჩის თქმით, ეს გადამყვანი არის უმთავრესი სტრუქტურა, რაც განავითარეს და აწარმოეს რუსეთის სახელმწიფო კომპანიის Roskosmos-ის მოკავშირე კომპანიაში, რაკეტის და კოსმოსის კორპორაციაში "Energia"-ში.

NASA თავის ვებგვერდზე წერს, რომ IDA-ს თავდაპირველი სტრუქტურები RSC-Energia-მ დაამზადა. კომპანია აღნიშნავს, რომ მის კონსტრუქციაში ეროვნულმა და საერთაშორისო ჯგუფებმა მიიღეს მონაწილეობა.

რუსულმა მედიამ ამ ინფორმაციის ტირაჟირება მას შემდეგ დაიწყო, რაც 31 მაისს NASA-ს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ასტრონავტები, დუგ ჰარლი და ბობ ბენკენი, SpaceX-ის ხომალდით, Dragon-ით, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩავიდნენ.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები კერძო კომპანიის მიერ შექმნილი ხომალდით გაემგზავრნენ. 2011 წლის შემდეგ აშშ-დან ასტრონავტები პირველად გაუშვეს.

2011 წლის შემდეგ, როდესაც Shuttle-ის კოსმოსური პროგრამა დაიხურა, ამერიკელები რუსეთის Roskosmos-ის დახმარებით მიდიოდნენ კოსმოსში. SpaceX-ის ხომალდით ეს შეიცვალა. 

აღსანიშნავია, რომ მაგალითად, რუსული კომპანიის დახმარებით ასტრონავტის გაფრენა, დაახლოებით, 90 მილიონი აშშ დოლარი ჯდება. მასკის კომპანიის დახმარებით კი ამის ღირებულება თითქმის განახევრდა.

კომენტარები