city პარკი

გაბუნია: მოქალაქეები City პარკის მიერ დაკისრებული, გადაუხდელი ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან

facebook.com/zaza.gabunia

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც მოქალაქეების City პარკის გადაუხდელი ჯარიმებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. გაბუნიამ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ იდეა თბილისის მერს ეკუთვნის და მას პარლამენტის უმრავლესობაც ეთანხმება.

"საქმე ეხება ჯარიმებს, რომლებიც დაკისრებულია 2018 წლის 10 აპრილამდე ანუ კომპანია სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტამდე და რომელთა აღსრულება ჯერ არ მომხდარა. ეს გადაუხდელი ჯარიმები რჩებოდა მნიშვნელოვან ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემად მოქალაქეებისათვის და ჩვენი გადაწყვეტილებით, ამ დავალიანების მქონე მოქალაქეები გათავისუფლდებიან ჯარიმის, საურავისა და აღსრულების ხარჯების გადახდისაგან და მოეხსნებათ ფინანსური დავალიანება.

ამ საკითხზე იდეა და ინიციატივა ეკუთვნის დედაქალაქის მერს, რასაც საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს და ამ იდეისადმი მხარდაჭერა გამოიხატება სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ, ათასობით მოქალაქეს გაუნულდება ხსენებული დავალიანება“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

თბილისის მერიამ სითი პარკს ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილს შეუჩერა და საკუთარ თავზე აიღო პარკირების სისტემის მართვა.

სითი პარკთან ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და მისი ვადა 25 წელიწადი იყო. ამიტომ, შეთანხმების დარღვევის გამო, სითი პარკმა თბილისის მერიამ სასამართლოში უჩივლა.

2020 წელს მერიასა და კომპანიას შორის შეთანხმება შედგა - დედაქალაქის მთავრობამ სითი პარკს 4.3 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან. სანაცვლოდ სითი პარკმა შეწყვიტა დავა - უკან გაიხმო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი და უარი თქვა საარბიტრაჟო დავაზეც.

კომენტარები