დავით გარეჯი

მოსაყდრე შიო დავით გარეჯზე: იმედია, ახალი კომისია უფრო პრინციპული იქნება

0 კომენტარი
ფოტო: იმედი

პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი სხვა სასულიერო პირებთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ჩავიდა.

მან იმედი გამოთქვა, რომ საზღვრის დამდგენი ორმხრივი კომისია, რომელიც ახალი შემადგენლობით მუშაობს, წინაზე პრინციპული იქნება.

"მუშაობს ორმხრივი, ახალი კომისია. იმედი გვაქვს, რომ ეს კომისია უფრო პრინციპული იქნება, ვიდრე წინა და იმედი გვაქვს, რომ დადგინდება სიმართლე... მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება, რომელიც არის აზერბაიჯანთან და ამასთან ერთად, ეს სიმართლეც დადგინდება და კომისიის მუშაობა კეთილად წარიმართება.

ეს ადგილი დავით გარეჯელის თანამედროვეა, თქვენ იცით, რომ ვერ ვწირავთ, ვერ ვლოცულობთ აქ. ჩვენ დღეს ვევედრეთ ღირს მამა დავითს, რომ ეს ვითარება შეიცვალოს. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება და სიმართლეც დადგინდება" - თქვა მან.

მოსაყდრე შიო დავით გარეჯში მას შემდეგ ჩავიდა, რაც დღეს, 4 ივნისს აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიციამ განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი დავით გარეჯის ტერიტორიაზე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან პროვოკაციულ ქმედებებს გეგმავს.

აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ამის შესახებ ოფიციალურად შეატყობინა

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ტერიტორიაზე ნებისმიერ პროვოკაციულ ქმედებაზე რეაგირება შესაბამისი იქნება, საზღვარი - სათანადოდ დაცული, პროვოკაციის ორგანიზატორები კი შესაძლო შედეგებზე პასუხს აგებენ.

საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყნებს შორის ოფიციალურად სახელმწიფო საზღვრის ნაწილია განსაზღვრული - სულ 446 კილომეტრიანი ზოლის 294 კილომეტრი.

მიზანი, რომ საქართველომ დაასრულოს აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი, ხელისუფლების გაცხადებული სტრატეგიაა. სწორედ ამ საკითხზე მუშაობს ორმხრივი კომისია.

დავით გარეჯთან ვითარება არაერთხელ დაიძაბა. ბოლოს - ერთი წლის წინ, 2019 წლის გაზაფხულზე - გასული წლის 25 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკი გადაკეტეს. სასულიერო პირები და სტუმრები მონასტრამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ. აზერბაიჯანელი მესაზღვრეებმა უდაბნოს მისასვლელი ბილიკების მოწყობაც დაიწყეს. 26 აპრილს უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გაიხსნა. არსებობდა მოლოდინი, რომ ის კვლავ ჩაიკეტებოდა. ეს არ მომხდარა, თუმცა, აზერბაიჯანის საზღვართან განვითარებული მოვლენები ვნებათაღელვის საგანი გახდა.

დავით გარეჯის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ სტატია ტაბულას არქივიდან

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები