ტურიზმი

თურნავა: იმედი გვაქვს, გერმანელი ტურისტები ერთ-ერთი პირველები ესტუმრებიან საქართველოს

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან - თომას ბარაისთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ეკონომიკის მინისტრის ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლისა და ტურისტულ სექტორში თანამშრომლობის აღდგენის საკითხები.

"გერმანია ჩვენი ტრადიციული მხარდამჭერია ბევრ მნიშვნელოვან საკითხში, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. იმედი გვაქვს, რომ გერმანელი ტურისტები იქნებიან იმ საერთაშორისო მოგზაურთა შორის, რომლებიც პირველები ესტუმრებიან საქართველოს. ჩვენ გერმანულ მხარეს გავაცანით საქართველოში არსებული ვითარება და ვუთხარით, რომ მზად ვართ, პირველი ივლისიდან პირველ საერთაშორისო სტუმრებს ვუმასპინძლოთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

თურნავას თქმით, ამ დღეებში ევროკავშირი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ რა საერთო მიდგომა, წესები და პროტოკოლები ექნებათ ევროპულ ქვეყნებს ტურიზმის დაწყების თვალსაზრისით.

"დარწმუნებული ვარ, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული და სტანდარტი - დადგენილი, საქართველო მათ ყველას უკვე პასუხობს. ჩვენ წინსწრებად მივიღეთ გამოცდილება, როგორ დავიცვათ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიაში უსაფრთხოების სტანდარტები და გამომდინარე აქედან, ერთ-ერთი უსაფრთხო ტურისტული დანიშნულების ადგილი ვართ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველო საერთაშორისო ტურისტების მიღებას 1-ლი ივლისიდან აპირებს. ქვეყანაში შემოსვლის მსურველს ბოლო 72 საათში კორონავირუსზე PCR ტესტი უნდა ჰქონდეს გაკეთებული.

კომენტარები